"ვაპირებთ QR გადახდის სისტემის დანერგვის გაგრძელებას", - ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" კომპანია "გალფის" გენერალურმა დირექტორმა ქრეიგ სთივენ კრამერმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, QR გადახდის სისტემა აჩქარებს ტრანზაქციებს და მომხმარებელს აძლევს არჩევანის საშუალებას, რაც ადრე არ ჰქონდათ.
ცნობისთვის, QR გადახდების სისტემით მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ Gulf Club-ის მობილური აპლიკაციით გადაიხადონ საწვავის ღირებულება. QR გადახდები დანერგილია Gulf Express-ის თვითმომსახურების სადგურებზე, სადაც თითოეული საწვავის დისპენსერზე განთავსებულია უნიკალური QR კოდი. აღნიშნული QR კოდის დასკანერებით მომხმარებელი აპლიკაციაში არჩევს სასურველი ტიპის საწვავს და სასურველ გადახდის მეთოდს (საბანკო ბარათი ან Gulf Club-ის ქულები), ტრანზაქციის წარმატებით შესრულების შემდეგ კი შეძლებს ჩაასხას საწვავი ავტომობილში. QR გადახდების მეთოდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ Gulf Express-ის თვითმომსახურების სადგურებზე, Gulf Club-ის აპლიკაციის მეშვეობით.
თვითმომსახურების სადგურებიც "გალფმა" რამდენიმე წლის წინ აამოქმედა და დღეს მათივე ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, უკვე 44 მსგავსი სადგურია საქართველოს მასშტაბით.
თვითმომსახურების სადგურების გამოყენების ტენდენციაზე საუბრისას, "გალფის" გენდირექტორმა აღნიშნა, რომ როგორც მოსალოდნელია, თვითმომსახურებაზე მოთხოვნა გაიზრდება.
"როდესაც 2020 წელს საქართველოში ჩამოვედი, მომსახურებას 100%-ით ჩამსხმელები ახორციელებდნენ. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და დავნერგეთ ახალი თვითმომსახურების სერვისი. მიუხედავად იმისა, რომ ამბობდნენ, ქართველები თვითმომსახურებას არ გამოიყენებენო, აღმოვაჩინეთ, რომ როდესაც სადგური თვითმომსახურებაზე გადავიყვანეთ, ხალხი რეალურად ფასდაკლების გამო უფრო მეტ საწვავს ყიდულობს. თანაც, თვითმომსახურება შეიძლება უფრო სწრაფიც კი აღმოჩნდეს და თან ის ადამიანურ შრომას ამცირებს. მართალია, თვითმომსახურების სერვისი მოგვწონს, მაგრამ ხაზგასმით მინდა აღვნიშნოთ, რომ გალფის მიზანი არ არის ყველა სადგურის თვითმომსახურებაზე გადაყვანა - ეს უბრალოდ მომსახურების ალტერნატიული შესაძლებლობაა, რომელსაც მომხმარებელს ვთავაზობთ. საინტერესოა, რომ ახლა უკვე ყველა ჩვენი კონკურენტი იწყებს თვითმომსახურების დანერგვას, არადა, როცა საქართველოში ჩამოვედი, მეუბნებოდნენ, რომ ეს სერვისი აქ არ გაამართლებდა, თუმცა საპირისპირო დინამიკას ვხედავთ და ვფიქრობ, რომ თვითმომსახურებაზე მოთხოვნა მხოლოდ გაიზრდება", - განაცხადა მან.
რაც შეეხება სხვა გეგმებს, "გალფის" გენერალური დირექტორი ამბობს, რომ არის "მნიშვნელოვანი გეგმები ლოიალობის პროგრამებთან დაკავშირებით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იმედია, სომხეთშიც. ასევე, დიდი სიახლეები გვექნება ჩვენი კომერციული კლიენტებისთვის".
ცნობისთვის, "გალფი" სომხეთის ბაზარზე გასული წლის ოქტომბერში შევიდა. საქართველოში კი ამ ეტაპზე კომპანიას 150-ზე მეტი ბენზინგასამართი აქვს. მათ უმრავლესობაზე - 122 სადგურზე მოქმედებს Gulf Store-ის მაღაზია. მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია მსოფლიო ბრენდების პროდუქცია, ყველა საჭირო პროდუქტი რაც შეიძლება დასჭირდეს მომხმარებელს მგზავრობისას, ასევე გალფის ექსკლუზიური პროდუქტები როგორიცაა გალფის ჰოთ-დოგი, გალფის ენერგეტიკული სასმელი, ყავა, სენდვიჩი, ნაყინი და სხვა.
"გალფს" ამჟამად 3000-მდე საქართველოს მოქალაქე ჰყავს დასაქმებული. შედარებისთვის, 2020 წელს მათი რაოდენობა 1200 იყო.



























