თბილისის სატრანსპორტო ჰაბად ჩამოყალიბების მიზნით ბიზნესმენი გიორგი კოდუა „ტავ ჯორჯიასთან“ ხელშეკრულების გადახედვას ითხოვს.
მისი თქმით, მას ჰყავს არაბი ინვესტორები, რომლებიც მზად არიან საქართველოში 15 თვითმფრინავით შემოვიდნენ და პირდაპირი რეისები დაიწყონ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ლოს-ანჯელესი, ტორონტო და ა.შ.
ბიზნესმენი ამბობს, რომ ამისთვის დამატებითი ინფრასტრუქტურაა საჭირო, რომლის აშენებისც ვალდებულებაც საქართველოს აეროპორტების მმართველ კომპანია "ტავ ჯორჯიას" არ აქვს.
"ვაპირებთ 15 თვითმფრინავის შემოყვანას და გვინდა, რომ 10 "გეითი" მაინც არსებობდეს. ვაპირებთ, ტრანსკონტინენტალური თვითმფრინავის AIRBUS 340-ის შემოყვანას, რომელიც იფრენს თბილისიდან ლოს-ანჯელესის, ტორონტოს, ტოკიოს, პეკინის მიმართულებით. ეს არ მომხდარა ქართული ავიაციის ისტორიაში არასოდეს",- აცხადებს კოდუა.
მისი თქმით, ამისთვის საჭიროა, რომ TAV Georgia-მ კიდევ 5 გასასვლელი დაამატოს თბილისის აეროპორტში, ან დათმოს უმოქმედოდ დარჩენილი ტერმინალი, სადაც არაბი ინვესტორები თავადვე მოაწყობენ გასასვლელებს.

























