დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშით, აცრის გარეშე კიდევ 34.5 მლნ ადამიანი გარდაიცვლებოდა.
„საკმაოდ დიდია პანდემიით ადამიანების ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანი. 2022 წლის 1 ივლისის ოფიციალური სტატისტიკით, პანდემიის დაწყებიდან, 561.980 მილიონ ადამიანზე მეტი დაავადდა, ხოლო COVID-19-ით ან მასთან ასოცირებული გართულებების შედეგად 6.368 მილიონზე მეტი გარდაიცვალა. სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის შეფასებითი მაჩვენებელი ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რეალური რაოდენობა ოფიციალურ სტატისტიკას საგრძნობლად აღემატება, მათ შორის ჯანმო-ს გათვლებით განსხვავება მინიმუმ 3.5-ჯერ მეტია“, - ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ „აცრა რომ არა, დამატებით 34.5 მლნ ადამიანი გარდაიცვლებოდა".
„ჯანმო-ს ექსპერტების მიერ უახლესი მოდელირებით შეფასდა, რომ 20 მლნ ადამიანის სიცოცხლე დაიზოგა მხოლოდ აცრების პირველი წლის მანძილზე და ჯამში, ნამატი სიკვდილიანობის გათვალისწინებით, 34.5 მლნ ადამიანი დამატებით გარდაიცვლებოდა, რომ არ ყოფილიყო აცრა. გლობალური მონაცემით, 2022 წლის 15 ივლისისთვის, მსოფლიოში ყოველ 100 მოსახლეზე ადმინისტრირებულია 156 დოზა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა.
მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანამ შეძლოს საკუთარი მოსახლეობის მინიმუმ 70%-ის აცრა, რათა პანდემიის მართვა გადავიდეს ახალ საფეხურზე და ეტაპობრივად მოხდეს მისი ენდემურ რეჟიმში განხილვა. ნიშანდობლივია, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი არათანაბრად არის განაწილებული მაღალ, საშუალო და დაბალშემოსავლიან ქვეყნებზე და აცრების დიდი წილი მოხმარებულია მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მოსახლეობის ხარჯზე”, - წერია ანგარიშში.
ინფორმაციისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიში 2020-2022 წლების, COVID-19-ის შესახებ ანალიზს მოიცავს