მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვაქცინაციის გაფართოების გარეშე წითელას ეპიდაფეთქებას ვერ შევაჩერებთ"

5c41be41433f4
ლევან თაღიაშვილი
18.01.19 17:00
558
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ წითელას ეპიდაფეთქების ერთადერთი გამოსავალი ფართო მასშტაბიანი აცრაა, რომელსაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს.

მისი თქმით, ყველაზე მეტად 20-დან 40 წლამდე ადამიანები არიან დაავადებულნი, ამ ასაკში მყოფ 200,000 პიროვნებას არ აქვს აცრა გაკეთებული ან არ გადაუტანია წითელა.

ის მოუწოდებს ყველას მივიდნენ ნებისმიერ პოლიკლინიკაში და გაიკეთონ აცრა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეპიდაფეთქება უფრო მასშტაბიანი გახდება.

"ბოლო 2 წლის განმავლობაში, წითელამ საკმაოდ შეაწუხა ევროპის კონტინენტი და მათ შორის ჩვენც. 2017 წლის მეორე ნახევრიდან წითელას შემთხვევები გაიზარდა. 2018-ში საკმაოდ ბევრი შემთხვევა იყო ქვეყანაში, დაახლოებით 2000-მდე და დინამიკა იანვარში გვაქვს სწრაფად მზარდი - 335 შემთხვევა. ეპიდაფეთქება ძირითადად კონცენტრირებულია იმერეთში, სამეგრელოში, კახეთსა და თბილისში. აბსოლუტურ რაოდენობაში ყველაზე მეტი თბილისშია, მაგრამ თუ შეფარდებით მაჩვენებელს ავიღებთ, ყველაზე მაღალი იმერეთში და სამეგრელოში ფიქსირდება.

რაც შეეხება ასაკს, ძირითადად დაზიანებულია 20-დან 40 წლამდე ადამიანები, ანუ ვისაც არ აქვთ თავის დროზე აცრა ჩატარებული. წითელა გახლავთ დაავადება, რომელიც იმართება და მისი პრევენცია ხდება მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციით, სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

თუ ადამიანს არ ახსოვს, აცრილია თუ არა ან გადატანილი აქვს თუ არა, შეუძლია მივიდეს ნებისმიერ პოლიკლინიკაში და აიცრას. მოვუწოდებ მოსახლეობას, მშობლებს რომ თითოეულმა მათგანმა გადააწმოს აცრის კალენდარი. თუ ბავშვი 5 წლის ასაკში ორჯერ არ არის აცრილი, აუცილებლად მიმართონ პოლიკლინიკას და ბავშვი აცრან.

რაც შეეხება 20-40 წლის ადამიანებს, გამყრელიძე ამბობს, რომ 200,000-მდე ადამიანია არაიმუნიზირებული, ანუ არ აქვთ გადატანილი წითელა ან არ არიან აცრილები.

"მოვუწოდებ, ამ პიროვნებებს მიბრძანდნენ პოლიკლინიკებში და აიცრან. ეს არის უფასო, მას სახელმწიფო აფინანსებს, საკმარისი მარაგიც გვაქვს, არის მაღალი ხარისხის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინა.  ჩვენ ვაქცინაციის გაფართოების გარეშე წითელას ვერ შევარჩერებთ და ეს ეპიდაფეთქება გადაიზრდება ფართომასშტაბიან გავრცელებაში"-აცხადებს ამირან გამყრელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები