მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვაქცინაციის სწრაფი ტემპით გაგრძელება ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა“

611e22705eb75
ვიქტორია მღებრიშვილი
19.08.21 13:39
896
„ვაქცინაციის სწრაფი ტემპით გაგრძელება ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლანჩხუთის კლინიკაში განაცხადა, სადაც ვაქცინაციის პროცესს გაეცნო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი ამცრელ ბრიგადებს გაესაუბრა და მოქალაქეების აქტივობით დაინტერესდა.

კლინიკის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელმა ევგენი ჩიჩუამ აღნიშნა, რომ მოქალაქეების აქტივობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გაზრდილია.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ვაქცინაციაზე მოსახლეობის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით, მათ შორის გეოგრაფიული თვალსაზრისით, შექმნილია მობილური სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შესაბამისად, ერთვებიან პროცესებში. აღნიშნული ჯგუფები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ, ხელმისაწვდომი გახადონ ვაქცინაციის პროცესი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვაქცინაციის მოქმედი ცენტრებით სარგებლობას ვერ ახერხებენ.

„ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობით ვუფრთხილდებით არა მხოლოდ ჩვენს, არამედ ჩვენი ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჯანმრთელობას“, - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, კლინიკა "მედალფას" გარდა, იმუნიზაცია მინდინარეობს ლანჩხუთის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში, ასევე შექმნილია მობილური ბრიგადები, რომლებიც აცრებს სოფლებში, ადგილზე გასვლით ატარებენ. კლინიკაში აცრები ტარდება როგორც ჩაწერით, ისე - წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგის პრინციპით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები