ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დღიურად 24 000-მდე ჩატარებულ აცრას არასაკმარისს უწოდებს და აცხადებს, რომ იმისთვის რომ კრიტიკული პერიოდი სწრაფად გადასალახაცად დღიურად 35-40 ათასი აცრა უნდა კეთდებოდეს.
თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის პროცესში მეტი ჩართულობისკენ კერძო სექტორსაც მოუწოდა.
„ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი. ეს არ არის ის სასურველი ტემპი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ კრიტიკული პერიოდი სწრაფად გადავლახოთ. დაახლოებით 35-40 ათასი მაინც უნდა ტარდებოდეს დღიურად აცრა, რომ დავძლიოთ კრიზისი. მეტი ჩართულობაა საჭირო ბიზნესის მხრიდან აქტივობის, წახალისების და მოტივაციის მიზნით, ასევე ვაქცინაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირების კუთხით. მეტად უნდა ჩაერთოს და გააქტიურდეს აკადემიური გარემო და ზოგადად მოქალაქეების მეტი ხელშეწყობაა საჭირო, რომ აიცრან“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ, გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, დღეს უკვე გაიხსნა სერვისი იუსტიციის სახლში, რომელიც მოქალაქეს ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში დაეხმარება და ყველა არსებული შესაძლებლობა ქვეყნის მასშტაბით სრულად მოქმედია.
„რაც შეეხება სკოლებს, დასაქმებული პერსონალის აქტივობა ვაქცინაციის კუთხით, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. პროპორციულად, იზრდება რაოდენობა და პედაგოგთა 30-40% უკვე ვაქცინირებულია. ცხადია, ეს არ არის საკმარისი და ის სასურველი შედეგი, რაც ჩვენ გვჭირდება. ამ კუთხით, სამაგალითოა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სადაც სტუდენტების და აკადემიური პერსონალის უკვე 95%-ზე მეტია აცრილი,“ - განაცხაქდა გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, სასწავლო პროცესის განახლება მხოლოდ ვაქცინაციის ტემპზე არ არის დამოკიდებული, თუმცა ეს ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია.




























