მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაქცინაციისთვის 4000 ექიმი დარეგისტრირდა, რაც საშინლად დაბალი რიცხვია - ექიმი-ინფექციონისტი

60504d8ea2fe6
ინგა მურუსიძე
16.03.21 10:46
3244
ქართველი ექიმი, ჯონს ჰოპკინსის ექიმი-ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე facebook-ის პირად გვერდზე საქართველოში ვაქცინაციის დაწყებას ეხმაურება და „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ირგვლივ არსებულ კითხვებზეც თავის მოსაზრებას აქვეყნებს. „ექსპერიმენტი ამერიკელ და ევროპელ მოხალისეებზე ჩატარდა, ასე რომ საცდელ ვირთხებად, რაც არ უნდა ვეცადოთ, ჩვენ ვერ გამოვდგებით“, - წერს ქართველი ექიმი, რომლის პოსტს bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო წლის განმავლობაში ყველამ საკმარისად დავკარგეთ საყვარელი ადამიანები იმისთვის, რომ ამჯერად „ასტრაზენეკას“ გამო არ დავინდოთ ერთმანეთი. მე არც მორალური და არც ეთიკური უფლება მაქვს და არ გავკადნიერდები, რომ რომელიმე ჩემს კოლეგას მოვუწოდო ან არ მოვუწოდო ვაქცინაციისკენ, რა თქმა უნდა, ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ თუ ემოციას ცოტა ხნით გვერდზე გავწევთ, არ არის ასე რთულად საქმე:

18 მილიონზე მეტი აცრილიდან თრომბი დაუდგინდა 32 ადამიანს; ის რომ კოვიდით გამოწვეული თრომბი ძალიან ხშირია, ამ შემთხვევაში არ არის რელევანტური, რადგან ვაქცინა თუ კოვიდისგან დაგიცავს, თრომბის რისკსაც შეამცირებს, ეს ისედაც ნათელია, აქ ვაქცინის უსაფრთხოებაზეა საუბარი.

ამიტომ შესადარებელი ჯგუფი ამ შემთხვევაში არის, ზოგადად, თრომბის ახალი შემთხვევები, რაც სქესის და ასაკის მიხედვით იცვლება, მაგრამ საშუალოდ 110-130 შემთხვევაა 100 ათასზე ანუ რა გამოდის, ხვალ რომ თეორიულად მსოფლიოს მასშტაბით 18 მილიონი არავაქცინირებული შევამოწმოთ, 15 000-ზე მეტს შეიძლება დაუდგინდეს თრომბი ანუ რეალურად გამოდის, რომ ვაქცინა თრომბის რისკს ამცირებს. რა თქმა უნდა, ვუტრირებ, უბრალოდ ამ რიცხვებით ვაქცინის თრომბთან დაკავშირება სასაცილოა. ამიტომ მე პირადად ძალიან მიკვირს, ეს რატომ გახდა მიზეზი თუნდაც 2 კვირით ვაქცინაციის შეჩერების (40-ზე მეტი ქვეყანა აგრძელებს სხვათაშორის), რა თქმა უნდა, ეს მე თუ დავთვალე 3 წუთში, როგორღაც გერმანია და საფრანგეთიც მოახერხებდა, მალე გაირკვევა, იმედია.

კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რატომ უნდა დავლოდებოდით ხარისხიან ვაქცინას, რა დონეზეა თამასა აწეული და რამდენ ფილტრს და მარეგულირებელს გადის სანამ ჩვენამდე მოვა. ექსპერიმენტი ამერიკელ და ევროპელ მოხალისეებზე ჩატარდა, ასე რომ საცდელ ვირთხებად, რაც არ უნდა ვეცადოთ, ჩვენ ვერ გამოვდგებით.

600 აცრილი და 4000 დარეგისტრირებული ექიმი არის მედპერსონალის 7%, რაც საშინლად დაბალი რიცხვია, მაგრამ ამას უამრავი მიზეზი აქვს. თუ ასე გაგრძელდა, ერთადერთ ლოგიკურ გზას ვხედავ, რომ პორტალი გაფართოვდეს შემდეგი რგოლისთვის.

ჩემზე ბევრად უფრო გამოცდილ და ჭკვიან კოლეგებს საქართველოში, ვინც აიცრა ან დარეგისტრირდა, არც კი ვაკადრებ, რომ დავამშვიდო, რადგან არ სჭირდებათ! წარმატებები“, - წერს ქართველი ექიმი.

ინფორმაციისთვის: გუშინ საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები