მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, რასაც ხელი შეუწყო მათ შორის ახალციხეში განვითარებულმა მოვლენებმა, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზების აუთვისებლობის განსაკუთრებული შიში არა აქვს.
„განსაკუთრებული შიში, რომ დოზების ათვისება ვერ მოხდება, არ გვაქვს. საბჭოს თავისი კალენდარი გააჩნია, რომლითაც ვხელმძღვანელობთ. საკოორდინაციო საბჭო ყოველკვირეულად იკრიბება და იღებს გადაწყვეტილებებს, თუ როგორ გაფართოვდება ვაქცინაციის პროცესი. ასე გაგრძელდება ამ პროცესის მართვა.
ჩემი პირადი სტრატეგიაა, რომ რეგიონულ დონეზე პირადად გავეცნო, რა მდგომარეობაა. ვაქცინაციის პროცესის ნელა მიმდინარეობას ადგილზე გავეცნობი, რომ შემდეგ საბჭოს ფორმატში პროცესის უკეთ წარმართვისთვის ვაქცინაციის პროცესის მიზეზშედეგობრივ კავშირზე ვიმსჯელოთ. ხვალ ჩემი ვიზიტი დაგეგმილია გურიასა და აჭარაში და ასე გაგრძელდება ყველა სხვა რეგიონში. ასევე მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია საბჭოს სხვა წევრების მხრიდანაც იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.




























