მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვარდები სოფელ ჩიბათიდან - სასათბურე მეურნეობა გაფართოებას გეგმავს

61a5e8c74325d
ვიქტორია მღებრიშვილი
30.11.21 13:18
2877
რამდენიმე წელია, რაც ზოია ზენაიშვილმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში საკუთარი მცირე ბიზნესი წამოიწყო - ოჯახის ძველი სათბურები აღადგინა და ვარდები გააშენა. დღეისთვის ინდმეწარმე 4 სათბურში გაშენებულ 7 000 ძირამდე ვარდს უვლის და დღიურად დაახლოებით 1500-1700 ვარდს კრეფს და სოფელში გახსნილ საკუთარი ყვავილების მაღაზიაში ყიდის, რომელიც 1 წლის წინ გახსნა.

BM.GE-სთან საუბრისას ზოია ზენაიშვილი აღნიშნავს, რომ ვარდებს დაახლოებით 12 წელია რაც უვლის, თუმცა ბიზნესის წამოწყება 3 წლის წინ სათბურების განახლებით გადაწყვიტა. დღეისთვის ჯამში 4 სათბური 400 კვ.მ.-ზეა განთავსებული.

„სეზონზე 15-20 ათას ვარდს ვჭრი. დღიურად კი ამინდის მიხედვით 1500-1700 ვარდს ვჭრი და ბათუმში, ქობულეთში და ფოთში ვაბარებთ, მცირე ზომის ვარდებს კი სოფელში გახსნილ საკუთარ მაღაზიაში ვყიდი. ვერ ვიტყვი რომ კონკურენცია ბაზარზე დიდია. საკმაოდ კარგი ხარისხის ვარდებს ვაწარმოებთ და შესაბამისად მუდმივი მყიდველი მყავს, რომლებსაც შეთანხმების მიხედვით ვაწვდით ვარდებს. დღეისთვის ღირებულება მისი ზომის მიხედვით, 80 თეთრიდან 1.50 ლარამდე მერყეობს“, - ამბობს ზოია ზენაიშვილი.

ვარდების გარდა, მეოთხე სათბურის ნაწილი ლილიებს, გლადიოლუსებსა და ქრიზანთემებს ეთმობა. თავად სათბურების მეპატრონე ამბობს, რომ ამ ყვავილების გაშენება საკუთარ მაღაზიაში საკუთარი წარმოების ყვავილების გამრავალფეროვნებისთვის დაიწყო.

სასათბურე მეურნეობის მოწყობა, თავდაპირველად საკუთარი ფინანსური რესურსით დაიწყო, თუმცა მალევე დამატებითი თანხები დასჭირდა და „საქართველოს ბანკთან" პარტნიორობა დაიწყო. ზოია ზენაიშვილი ამბობს, რომ ინდმეწარმისთვის შეთავაზებული სასესხო პირობები მათთვის ხელსაყრელი და მისაღები აღმოჩნდა.

„დღეისთვის სათბურების აღდგენისა და ყვავილების ძირების შეძენისთვის დაახლოებით ჯამში 60 000 ლარის ინვესტიცია ჩავდეთ და ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. მომავალი წლიდან ახალი სათბურის მოწყობა გვაქვს დაგეგმილი, რათა ვარდების წარმოება გავზარდოთ. ამ პროექტის განხორციელებასაც „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობით ვგეგმავთ, რადგან მათი სასესხო პირობები ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის მისაღები. მათთან თანამშრომლობა კი საქმიანობის გაფართოების საშუალებას გვაძლევს. სათბურის მოწყობის შემდეგ წარმოება დღიურად 600-700 ვარდით გაიზრდება“, - აღნიშნა ზოია ზენაიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები