Variotherm Heizsysteme-ის წარმომადგენლობა უკვე საქართველოშია. მისი წარმომადგენელი კომპანია „კლიმატკომფორტია“.
Variotherm-ი ავსტრიულ ბაზარზე ჯერ კიდევ 45 წლის წინ, 1979 წელს დაფუძნდა და მისი მთავარი მიზანი, ოთახში კომფორტული კლიმატის შექმნა იყო. წარმოება სპეციალური გათბობის სისტემით დაიწყო, რასაც Skirting heating system ეწოდება. 1980 წლიდან კი კომპანიამ ქურების მიმართულებით მუშაობა გააგრძელა.
როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდერ ვაცეკი BMGTV-ს გადაცემაში “ბიზნესის კვირეული” საუბრობს, Variotherm-ი სამონტაჟო კომპანიიდან მწარმოებელ კომპანიად იქცა.
“ავსტრია თავისი ღია ცეცხლის კონცეფციითა და ცივი კლიმატითაა ცნობილი. ამ პერიოდში, კედლის გათბობის შესახებ ძალიან ბევრი ვისწავლეთ. თუმცა მივხვდით, რომ პირველები არ ვიყავით. რომაელებმა 2000 წლით ადრე დაიწყეს გათბობის სისტემების ჩამოყალიბება, რაც კედლებისა და იატაკის ქვეშ ცხელი ჰაერის გაშვებას ითვალისწინებდა, რითაც თავიანთი აბანოებისთვის უფრო მყუდრო გარემოს ქმნიდნენ. სწორედ ამ მატარებელზე აღმოვჩნდით ჩვენც - მე 1987 წელს დავიწყე მამაჩემთან ერთად კომპანიაში მუშაობა და ერთად შევქმენით კედლის გათბობის სისტემა.
დღეს, Variotherm-ი კვლავ მცირე ბიზნესია, მაგრამ პროფილი შევიცვალეთ და სამონტაჟო კომპანიიდან მწარმოებლებად ვიქეცით. განვითარების მეორე ეტაპი თვითაწყობადი პროდუქტის შექმნას დავუთმეთ, რადგან ადამიანებს მოსწონთ, როდესაც საკუთარი სახლების რემონტში მონაწილეობას იღებენ, დღეს განსაკუთრებით. ბოლო ეტაპზე კი, მხოლოდ B2B კონცეფციაზე გადავედით და 90-იანების დასასრულიდან შევქმენით საჭირო ტექნოლოგია იმისთვის, რომ უფრო მეტი პროდუქტი ვაწარმოოთ. ახლა მცირე, ინდუსტრიული ბიზნესი ვართ, რომელიც 50 ადამიანს აერთიანებს. ეს ბევრი არ არის, მაგრამ ჩვენს ინდუსტრიაში Variotherm-ი მსოფლიო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. ზოგიერთი პროდუქტი კი ნამდვილად წამყვანია. ნიშური ბაზარია, თუმცა ძალიან საინტერესო, რომელსაც სახლებში სითბო და სიმყუდროვე შეაქვს“,- განაცხადა ვაცეკმა.
მისივე ცნობით, მათი პროდუქცია ოთახში ერთდროულად გათბობისა და გაგრილების შესაძლებლობას იძლევა. ამის მიზეზი ისაა, რომ ოთახის ჭერში, კედლებსა და იატაკში მილებია ჩამონტაჟებული, რომლებშიც ჰაერი გადის. შესაბამისად, სივრცეში გაგრილება-გათბობა იმაზე სწრაფადაა შესაძლებელი, ვიდრე ეს ტრადიციული მეთოდით შეიძლებოდა მომხდარიყო.
„წამყვანი კომპანია ვართ ჩიპბორდების მიმართულებით. ეს არის ჩვენი წამყვანი პროდუქტი - ბოჭკოვანი პანელი, რომელიც იმისთვის იქმნება, რომ მისით ჭერი და იატაკი დაიფაროს. პანელებში მილებს ვსვამთ, რომლებშიც შემდეგ ჰაერი გადის - სულ ეს არის. მარტივად ჟღერს, ცოტათი რთულია, თუმცა ეს არის ჩვენი პროფესია. ჩვენი ავტომატური ტექნოლოგიით სხვადასხვა ზომის პანელებს ვამზადებთ. გვაქვს პანელებიც, რომლებიც სიგრძეში 2.5 მეტრს აღწევს. სწორედ ამ პანელებს ვიყენებთ ყველაფრისთვის - კედლები, იატაკი, ჭერი… ზამთარში მილებში ცხელი წყალი გადის, ოთახების გასათბობად, ზაფხულში კი ცივი წყალი, რათა ოთახი გააგრილოს. პირველები ვიყავით 1999 წელს, ვინც ეს ტექნოლოგია შეიმუშავა და დღემდე მსოფლიო ლიდერები ვართ. ზოგადად, ზედაპირული გათბობისა და გაგრილების ბაზარი საკმაოდ მოცულობითია. მსოფლიოში უამრავი კომპანია არსებობს, გვყავს კონკურენტებიც, თუმცა ჩვენი პროდუქტი განსაკუთრებულია, რემონტის მიმართულებით მით უმეტეს. სახლების გარემონტებასთან ერთად, მათი პანელებით აღჭურვას ჩვენ უზრუნველვყოფთ“, - ამბობს ალექსანდერ ვაცეკი.