მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციაზე კომპანიას ხელშეკრულება მაისში გაუფორმდა, თუმცა სამუშაოები ჯერ არ დაუწყია

62d7fdef29f63
მარიამ ვარადაშვილი
21.07.22 01:20
1080

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი შარკოვი აცხადებს, რომ ვარკეთილის მეტროს სადგურის რეაბილიტაციაზე კომპანიას ხელშეკრულება მაისში გაუფორმდა, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაუწყია.

მისივე თქმით, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციას შ.პ.ს მამისონი განახორციელებს, რომელიც გოცირიძის მეტროს სადგურზე გაწეული სამუშაოებისთვის თბილისის მერიამ დააჯარიმა.

“ხელშეკრულება კონტრაქტორთან მაისში დავდეთ. ამ ხნის განმავლობაში ყოველდღიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა საორგანიზაციო საკითხები დროულად მოაგვარონ და მხოლოდ ამის შემდგომ შეგვეძლება სამუშაოების დაწყება.

ზოგადად, ამ პროექტის განხორციელების ვადები 18 თვეა და მის ფარგლებში სადგურის სრული რეაბილიტაციაა გათვალისწინებული.

იმედი მაქვს, კონტრაქტორი მოახერხებს სათანადოდ მობილიზებას, სხვა შემთხვევაში ბუნებრივია შესაბამისი ღონისძიებები გატარდება”, - აცხადებს შარკოვი.

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციაზე 7 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი. აღსანიშნავია, რომ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. ადგილზე სამუშაოები კომპანია შპს “ყვარელმშენმა" განახორციელა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 000 ლარი დაჯდა. 2018 წლის 30 იანვარს კი რეაბილიტირებულ ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერი ჩამოინგრა, რის შემდეგაც კომპანია “ყვარელმშენის" წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.

რაც შეეხება მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის 3.5 მლნ ლარის ღირებულების პროექტს, ის 2021 წლის თებერვალში დაიწყო და როგორც მაშინ დედაქალაქის მერი განმარტავდა, მეტროსადგური მოქალაქეებს მხოლოდ 3 თვით ვერ მოემსახურებოდა, თუმცა პროექტის განხორციელება კონტრაქტორ კომპანიასთან შექმნილი პრობლემების გამო გაჭიანურდა და დამკვეთმა "გოცირიძის" მეტროსადგურის რეაბილიტაცია სხვა კომპანიას მიანდო.

ახალ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებამ მერიას პროექტი გაუძვირა. გაიზარდა მეტროსადგურის რეაბილიტაციის ღირებულება და ამ ეტაპზე ის 4.7 მლნ ლარია. ეს მეორე ხელშეკრულება, ითვალისწინებს პირველი ხელშეკრულების ნაწილის შესრულებას. ამასთან, დაემატა რიგი სამუშაოებისა, რომლებიც რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილ პრობლემებსაც მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები