მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება. შესაბამისი ხელშეკრულება უცხოურ კომპანიასთან გაფორმდა. ამის შესახებ, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროცესის შეფერხების მიზეზებსა და მიმდინარე სამუშაოებზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„ჩვენ არასდროს ვერიდებით პრობლემებზე საუბარს, არასდროს გავურბივართ გამოწვევებს და არ გვიჭირს, ვუთხრათ სიმართლე საზოგადოებას. ჩვენ ბევრჯერ ვსაუბრობთ წარმატებულ პროექტებზე, გაკეთებულ საქმეებზე, რაც 2017 წლიდან მოყოლებული ნათლად ჩანს დედაქალაქში, მაგრამ არსებობს გამოწვევები და პრობლემებიც. დღეს მინდა, ერთ პრობლემურ საკითხზე მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა ეტაპზე ვართ. მხედველობაში მაქვს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია, რომლის მოსაცდელ ბაქანზე ჭერი ჯერ კიდევ 2018 წელს ჩამოიშალა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა სადგურის რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა დაუყოვნებლივ დაიწყო, აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელია. პროცესის გაჭიანურების მთავარ მიზეზს წარმოადგენს მიწისქვეშა ტრანსპორტის სფეროში, როგორც ადგილობრივი საპროექტო და სამშენებლო, ისე საექსპერტო კომპანიების არასაკმარისი გამოცდილება და კვალიფიკაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით ადგილობრივი კომპანიები ამ პროექტში მონაწილეობას თავს არიდებდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც გამოგვიცხადებია ტენდერი და კომპანიები არ იღებდნენ მასში მონაწილეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, პროექტის ძირითად სამუშაოს წარმოადგენს მგზავრთა მოსაცდელი დარბაზის ჭერის და კედლების, ასევე, საესკალატორო დახრილ გვირაბში აზბესტ-ცემენტის ფილების დემონტაჟი და მათ ნაცვლად, თანამედროვე, უსაფრთხო მასალებით ჭერის მოწყობა.
„ასევე, განახლებული პროექტის ექსპერტიზის ეტაპზე, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მოითხოვა რკინაბეტონის კონსტრუქციების სიღრმისეული შესწავლა, რაც ადგილობრივი საექსპერტო ორგანიზაციების რესურსებით საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ამიტომ, მოგვიწია უცხოელი ექსპერტების ჩართულობა, ვისაც ასეთი ტიპის მეტროსადგურებზე უმუშავია. როგორც იცით, თბილისის მეტრო საბჭოთა პერიოდშია აშენებული. ამიტომ, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების მოკლე ვადაში დასასრულებლად უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ბელარუსულ კომპანიასთან, შპს „პრობილდ ექსპერტთან“ და მიმდინარეობს რკინაბეტონის კონსტრუქციების სრული კვლევა, ასევე, აღდგენის პროექტის მომზადება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, მერის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სამშენებლო კომპანია „ბადაქონსთრაქშენმა“ უკვე განახორციელა ძველი ჭერის სრული დემონტაჟი, ბაქნის ქვეშ შიდა სამეურნეო სივრცეების სადემონტაჟო და სარემონტო სამუშაოები, შეკვეთილია ახალი ჭერის კონსტრუქციის მოსაწყობად საჭირო მასალა და სხვა.
ცნობისთვის, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 000 ლარი დაჯდა. პროექტზე შპს “ყვარელმშენი" მუშაობდა. 2018 წლის 30 იანვარს, რეაბილიტირებულ „ვარკეთილის“ მეტროსადგურში, ჭერი ჩამოინგრა. 2022 წელს მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე მორიგი ხელშეკრულება კომპანია “მამისონთან” გაფორმდა, თუმცა კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მალევე გაწყდა.
ამის შემდეგ, მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაციაზე 13.4 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება 2023 წლის თებერვალში გაფორმდა. პროექტზე შპს “ბადა ქონსთრაქშენსი” მუშაობს.
გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ადგილზე სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო. არსებული ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 22 სექტემბერს ამოიწურა.