სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლებაში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა 20 მლნ ლარი ჯდება. ცენტრი დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად ოფიციალურად გახსნა, თუმცა პროექტი ბოლომდე დასრულებული არ არის.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის ტერიტორია მოიცავს 11 500 კვ.მ ფართობს და მასში განთავსებულია ორი აუზი (25*20 და 20*12 მ), ფიტნეს დარბაზი, ტანვარჯიშისა და კალათბურთის დარბაზები, საბრძოლო ხელოვნების დარბაზი. ასევე, იფუნქციონირებს ფრენბურთის, კრივის, ჭიდაობისა და ძიუდოს წრეები, სპა ზონა, მედიათეკა, ქორეოგრაფიული სტუდია, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი და კაფე-ბარი. გათვალისწინებულია საპარკინგე სივრცეც. მერიის ცნობით, ცენტრის სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, იგი ყოველთვიურად, 10 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება.
„ძალიან მალე გარე პერიმეტრზეც დავასრულებთ სამუშაოებს, სადაც მოეწყობა საფეხბურთო და პადელის მოედნები. მთლიანობაში ძალიან კარგი სივრცე გამოვა. ეს იქნება ადგილი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მოსვლა. 60 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის აღნიშნული ინფრასტრუქტურა იქნება უფასო. რა თქმა უნდა, ანალოგიური პროექტები ყველა რაიონში უნდა განხორციელდეს. მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქალაქის აღმშენებლობა და განვითარება გაგრძელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცენტრის მიმდებარედ გამწვანებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებიც ჩატარდა. კერძოდ, მოეწყო თანამედროვე სარწყავი სისტემა, 1 220 კვ.მ ფართობზე დაითესა ბალახი და დაირგო 1 251 სხვადასხვა სახეობის ნერგი.




























