ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვარლამ ებანოიძემ მონაწილეობა მიიღო ბათუმში მარცხის ისტორიების - Fuckup Nights Batumi-ის მესამე გამოშვებაში.
მარცხის ისტორიები არის საერთაშორისო მოძრაობა, რომელიც ასახავს წარმატებული ადამიანების ისტორიებს. მოძრაობის მიზანია შთააგონოს და მოტივაცია მისცეს ახალგაზრდებს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე - როგორ შეიძლება ფინტექ და სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერა საქართველოში.
ღონისძიებაზე ვარლამ ებანოიძემ პრეზენტაცია წარადგინა, სადაც რეგულირების ტრადიციულ და ახალ მიდგომებს შორის პარალელი გაავლო. ისაუბრა ფინტექის პოტენციალზე, სტარტაპ ეკოსისტემის შესაძლებლობებზე საქართველოში და ინფრასტრუქტურაზე, რაც სტარტაპერებს შესაძლებლობას აძლევს ფინანსურ ინდუსტრიაში რაც შეიძლება მეტი ბიზნეს მოდელი დანერგონ.
„რეგულირების ახალ მიდგომებში იგულისხმება ქცევითი მეცნიერების კონცეფციების გამოყენება ფინტექთან თანაკვეთაში, რაც საშუალებას იძლევა საზოგადოებრივი პოლიტიკის მიზნების იაფად, სწრაფად და ყოვლისმომცველად მიღწევაში. ასევე სტარტაპერები ისარგებლებენ იმ ინფრასტრუქტურით, რომელსაც ეროვნული ბანკი საბანკო ასოციაციასთან ერთად ქმნის იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალი ბიზნეს მოდელი დაშენდეს საქართველოს ფინანსურ ინდუსტრიაში“, - განაცხადა ვარლამ ებანოიძემ.