მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვარშავა ევროპის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დასახელდა - TOP 10 ქალაქი

641a912bf3813
ლიკა მეგუთნიშვილი
27.03.23 01:00
1590
მას შემდეგ, რაც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში კოვიდრეგულაციები შემსუბუქდა და სამოგზაურო შეზღუდვები, ფაქტობრივად, მოიხსნა, მოგზაურებს ე.წ. "ძველი სამყაროს" მონახულების კვლავ დიდი ინტერესი აქვთ.

ევროპაში პოპულარული სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations დაინტერესდა, რომელი ქალაქებია ტურისტებისთვის ყველაზე მეტად მიმზიდველი, სწორედ ამიტომ ორგანიზაციამ 78 ქვეყნის 700 ათასი წარმომადგენელი გამოკითხა და საუკეთესო მიმართულებების რეიტინგი შეადგინა.

გამოკითხვის შედეგებით, ევროპაში საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად ვარშავა დასახელდა და ყოველწლიური რეიტინგის ლიდერიც გახდა. ლამაზი, მეგობრული, გონებაგახსნილი - ასე აღწერს EBD ქალაქს, რომელიც ამავე დროს ოჯახური დასვენების, რომანტიკული არდადეგებისა თუ შოპინგ-ტურების მოწყობისთვის საუკეთესო ადგილად სახელდება. ვარშავაში აუცილებლად მოსანახულებელ ადგილებს შორისაა: ძველი ქალაქის ბაზარი, კულტურისა და მეცნიერების სასახლე, ლაზიენკის პარკი, სასახლეები და ასევე ორანჟერეები. გარდა ამისა, ვარშავა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილადაცაა აღიარებული.

მეორე საუკეთესო ევროპულ მიმართულებად დასახელდა ათენი. როგორც Europian Best Destinations აღწერს, საბერძნეთის დედაქალაქი აუცილებლად სანახავი მრავალი მიზეზის გამოა, განსაკუთრებული აღნიშვნა კი, ათენის ზღვის სანაპირომ და ქალაქის პეიზაჟებმა დაიმსახურა. ამავე დროს, ათენი დახვეწილ კოსმოპოლიტურ ცენტრადაც სახელდება, სადაც თანაბრადაა შესაძლებელი დატკბეთ როგორც უძველესი ხელოვნების ისტორიის გაცნობითა და თანამედროვე ქუჩის მხატვრობის გამორჩეული ნამუშევრებით, ასევე გასტრონომიული თავგადასავლებითა და მომნუსხველი ღამის ცხოვრებით.

2023 წლის ევროპის საუკეთესო მიმართულებებს შორის მესამე ადგილას სლოვენიის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი მარიბორი ხვდება. ქალაქი, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, მნახველებს მდიდარ არქიტექტურულ მემკვიდრეობას აცნობს და უამრავ ავთენტურ გამოცდილებას სთავაზობს. გარდა ამისა, ის ევროპის კულტურისა და კულინარიის ერთ-ერთ ცენტრადაც სახელდება, რომელმაც სხვადასხვა დროს ევროპის კულტურული დედაქალაქის წოდება მოიპოვა, წელს კი საუკეთესო კულინარიულ მიმართულებად დასახელდა. მარიბორი სტუმართმოყვარეობითაც გამოირჩევა და მთელი წლის განმავლობაში, არაერთ საერთაშორისო კულტურულ თუ სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს.

რეიტინგში მეოთხე პოზიციას ვენა იკავებს. EBD-მ ვენა რომანტიკისთვის იდეალურ ადგილად დაასახელა, სადაც შესაძლებელია ცხენებით გასეირნება, ქალაქის სამეფო სასახლეების მონახულება თუ შტრაუსის თანხლებით, საღამოს ვალსის ცეკვა. ვენა შესანიშნავი ადგილია როგორც ოჯახური, ასევე ინდივიდუალური დასვენების მოყვარულებისთვის. ვარშავის მსგავსად, ვენაც ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქადაა აღიარებული, სადაც დანაშაულის დონე, მართლაც ძალიან დაბალია. ცხოვრების ხარისხი კი, - მაღალი. ამ ყველაფერთან ერთად, EBD ვენას საუკეთესო პარკებისა და სუპერტრენდული რესტორნების ქალაქადაც ასახელებს.

ევროპის კიდევ ერთი ქალაქი, რომელიც რეიტინგში მეხუთე პოზიციაზე მოხვდა, ციტადელაა. ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე ციტადელა EBD-მ არა მხოლოდ ერთ-ერთ ულამაზეს მიმართულებად, არამედ გამორჩეული სტრატეგიული მდებარეობის მქონე ქალაქადაც დაასახელა, რომელიც იდეალური საწყისია ვენეტოს რეგიონისა თუ მთელი ჩრდილოეთ იტალიის მოსანახულებლად. გარდა ამისა, მრავალსაუკუნოვანი ისტორია ქალაქს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის და ვიზიტორებს უამრავ სასიამოვნო გამოცდილებას სთავაზობს.

ევროპის მეექვსე საუკეთესო მიმართულებად დასახელდა ესენი. რომელიც გერმანიის მესამე ყველაზე მწვანე ქალაქია და ამავე დროს არაერთხელ აღიარებული, როგორც კონტინენტის კულტურული ცენტრი. როგორც EBD აღნიშნავს, ძველი ქალაქის ისტორიული ქუჩები საუცხოოდ ერწყმის თანამედროვე ურბანულ უბნებს და ამასთანავე ქალაქი სიმწვანითაც გამორჩეულია. ესენიში მოგზაურობისას აღმოაჩენთ როგორც მსოფლიოში უძველეს ღვთისმშობლის ქანდაკებას, ნახშირის მაღაროს - უძველესი დასახლებებით, ასევე ასობით ჰექტარ ფართობზე გაშენებულ პარკებსა და არაერთ სპორტულ აქტივობას.

რეიტინგში მეშვიდე პოზიციაზე უნგრეთის ქალაქი ვესპრემი ხვდება, რომელსაც Europian Best Destinations-მა 2023 წლის ევროპის კულტურული დედაქალაქისა და ოჯახური დასვენებისთვის საუკეთესო ქალაქის ტიტული მიანიჭა. "ბაკონის მთების ტყიანი ფერდობები, ბალატონის ტბის საუცხოო სანაპირო და მიმზიდველი პეიზაჟები - ეს არის ის, რაც აუცილებლად უნდა ნახოთ, გვირჩევს EBD. ამ ყველაფერთან ერთად ვესპრემი ცოცხალი მუსიკის საღამოებით, მრავალფეროვანი ფესტივალებითა და მასშტაბური კულტურული ღონისძიებების ჩატარებითაც გამორჩეულია.

ევროპის მერვე საუკეთესო მიმართულება ლონდონია. Brexit-ის, კოვიდ 19-ისა და საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ, დროა ბრიტანეთის დედაქალაქი ხელახლა აღმოაჩინოთ - ასე იუწყება EBD. ლონდონი, რასაკვირველია მუდმივადაა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება, რომლის ტურისტული შეთავაზებებიც ბიგ-ბენს London Eye-სა თუ მადამ ტიუსოს სცილდება და ყველა ასაკის ადამიანებს მუდმივად საინტერესო სიახლეებითა და თავგადასავლებით ანებივრებს. მოწესრიგებული ქუჩები, ფერადი სახლები, მსოფლიოში ცნობილი თეატრები თუ მუზეუმები, მიმზიდველი რეკრეაციული სივრცეები - ეს ყველაფერი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმის, რასაც ქალაქი ვიზიტორებს სთავაზობს.

რეიტინგის მეცხრე პოზიციაზე საფრანგეთის ქალაქი გრენობლი ხვდება, რომელიც ემბლემური მთების გულში უნიკალური მდებარეობითაა გამორჩეული. ინოვაციური და შთამაგონებელი ალპების დედაქალაქი მოგზაურებს მუდმივად ახალ შთაბეჭდილებებს სთავაზობს. ამასთან, წელს გრენობლმა ევროპის მწვანე დედაქალაქის წოდებაც დაიმსახურა და იდეალურ ადგილად დასახელდა მათთვის, ვინც უპირატესობას ჯანსაღ გარემოში დასვენებას ანიჭებს. გრენობლი დამსვენებლებს როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობს, იქნება ეს კანოეზე სიარული, ღამის თხილამურებით სრიალი და ასე შემდეგ.

და ბოლოს, ევროპის საუკეთესო მიმართულებების რეიტინგის ათეულს მანჰეიმი ხურავს. გერმანიის ქალაქი მულტიკულტურულობითა და ღონისძიებების სიმრავლითაა გამორჩეული და ამასთან, ის მოგზაურებს ნამდვილ არქიტექტურულ საგანძურსაც აცნობს, იქნება ეს ბაროკოს სასახლე, ისტორიული წყლის კოშკი, არტ ნუვოს მოედანი და ასე შემდეგ. კულტურისა და ფესტივალების ქალაქი მუდმივად იზიდავს თეატრის, ტექნოს, ჯაზის და ასევე კინოს მოყვარულებს. მანჰეიმისთვის 2023 წლის მთავარი მოვლენა ფედერალური ბაღის შოუა, რომელიც 14 აპრილს დაიწყება და 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები