ვართ გარემოში, რომელსაც სიცხადე აკლია, - ამის შესახებ GEOCASE-ის დამფუძნებელმა, ვიქტორ ყიფიანმა, BMGTV-ის გადაცემაში „ანალიტიკა“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას ისაუბრა.
მისი განმარტებით, ხელისუფლებას ჰგონია, რომ არჩევნები დასრულდა, ყოველ შემთხვევაში მიდის დასრულებისკენ. პარალელურად კი, ყიფიანის თქმით, ვხედავთ სიცხადის არქონას ოპოზიციის მხარეს, რომელიც არ ეგუება მიმდინარე პროცესებს, - "ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, მაგრამ გადამწყვეტი სიცხადე პროცესში ჯერჯერობით ვერ შეაქვს. გარდა ამისა, ვხედავთ ასეთი სიცხადის არქონას ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ისინი თავისი შიდა სამზარეულოთი არიან დაკავებული, დაწყებული შეერთებული შტატების არჩევნებით და ევროპის წიაღში მიმდინარე მოვლენებით“, - აცხადებს ყიფიანი.
მისივე თქმით, ამ დაყოფილი სამი მხარიდან, განსაკუთრებული ექსკლუზივის ან პრივილეგიის მინიჭება არავისთვის შეგვიძლია. შედეგად, ისე როგორც საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, ტვირთი ამომრჩევლებსა და მოქალაქეებზე უნდა გადავიდეს.
„გადაუწყვეტელობის ან საკმარისი რესურსის ან უნარის პირობებში სხვა გამოსავალი არ არის, სხვა გზავნილი არ არის, თუ საქართველოს ბედი საქართველოს მოსახლეობამ არ გადაწყვიტა. ეს ნიშნავს სწორ კალაპოტში სამართლებრივ და პოლიტიკურ რელსებზე გადასვლას. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ გავიდეთ კონსტიტუციის გარეთ, მაგრამ თუ ცვლილებების, განახლების ან თუ გნებავთ პროტესტის მთავარი წყარო არ შეიქმნება ქვეყნის შიგნით, სხვაგვარად რაიმეზე ფიქრი ძალიან რთულია“, - ამბობს GEOCASE-ის დამფუძნებელი.