საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, დღეს ქვეყანა არის იმ "ძალიან სახიფათო" მდგომარეობაში, სადაც "დანა ჩაარტყეს კონსტიტუციას". ამით იგი ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან არჩევნებზე სარჩელების წარმოებაში არმიღებას გამოეხმაურა.
"დღეს ვართ იმ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, როცა ქვეყანას აღარ გააჩნია არანაირი რეალურად კონსტიტუციური ძალაუფლება. დანა ჩაარტყეს კონსტიტუციას და მთლიანად დახიეს.
რჩება ერთი კონსტიტუციური, ლეგიტიმური ინსტიტუტი, ეს მე ვარ და ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რჩება მეორე მხარეს ერთი ადამიანი, რომელმაც მოახდინა სრული უზურპაცია ძალაუფლების უზურპაცია, სიტყვა ხელისუფლებას არ ვხმარობ, და დააწესა ძალადობრივი რეჟიმი, ეს არის ივანიშვილი და ჩვენ უნდა მოვნახოთ გამოსავალი ამ ქვეყნისთვის, რომელიც იქნება მშვიდობიანი გამოსავალი. მისი პასუხისმგებლობა არის დააბრუნოს მისი რეჟიმი არაძალადობრივ მდგომარეობაში, ხალხს მოუსმინოს, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ წავიყვანო ეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს თავის ხვალინდელ ხელისუფლებას", - განაცხადა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.
3 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელები 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობაზე. 9-კაციანი პლენუმის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და განსხვავებული აზრი დაწერა ორმა მოსამართლემ: თეიმურაზ ტუღუშმა და გიორგი კვერენჩხილაძემ.