მეღვინეობა “კარდანახის მამული” კარდანახში სოფლის ტიპის დასასვენებელი სივრცის მოწყობას აპირებს - ამის შესახებ ბრენდის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინა ქოჩიაშვილმა გადაცემა “ქალების ნარატივში” სტუმრობისას ისაუბრა.
“ჩვენი მარანი კარდანახში 1884 წელს არის აშენებული, გარშემო კი არის მიტოვებული სოფელი, სადაც ისტორიული სახლები დგას, ჩვენ გადავწყვიტეთ, თუ მფლობელები მოგვცემენ საშუალებას, შევიძინოთ ეს სახლები და ავაშენოთ სოფლის ტიპის დასასვენებელი სივრცე მომხმარებლისთვის, სადაც ისინი დააგემოვნებენ ჩვენს ღვინოს, ადგილობრივ სამზარეულოს და შეძლებენ დარჩენას. ამ ეტაპზე, უკვე გვაქვს სამი სახლი, ჩვენ ვცდილობთ დავუბრუნოთ თავისი ავთენტურობა და თავისივე პირვანდელი სახით წარმოვადგინოთ ეს შენობები, ყველა სახლს აქვს თავისივე მარანი და ძალიან ლამაზი ხედები”, - აღნიშნა ნინა ქოჩიაშვილმა.
ამასთან, გეგმებზე საუბრისას, აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ ბრენდი ღვინის გატანას იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში გეგმავს.
“ჩვენი ღვინო იგზავნება აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში და ახლახან გავგზავნეთ პოლონეთშიც, ამ ეტაპზე აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს იაპონიასა და დიდ ბრიტანეთთან, მოლაპარაკებები აგვისტოში დასრულდება და მომხმარებელს სიახლეებით დავუბრუნდებით”, - დასძინა მან.
ცნობისთვის, „კარდანახის მამული” 2020 წელს პანდემიის დროს დაარსდა, ამ ეტაპზე ბრენდი 11 დასახელების ღვინოს აწარმოებს. “კარდანახის მამულის” მარანი აგებულია მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდისთვის დამახასიათებელი აგურით, რომლებზეც ჯვარია გამოსახული და რომელსაც „ფრანგულ აგურად“ მოიხსენიებდნენ. ყველაზე ახალგაზრდა ქვევრი 1904 წლით თარიღდება და ცნობილი მექვევრის ისიდორე ჩუბინიძის ნახელავია, სხვა დანარჩენი ქვევრებიც მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისის პერიოდს განეკუთვნება, ბრენდს 50 ტონამდე ქვევრი აქვს შენობებში.
„კარდანახის მამული” 7 ადგილობრივს ასაქმებს, თუმცა, დასასვენებელი სახლების მოწყობასთან ერთად, იგეგმება დასაქმებულთა რიცხვის გაზრდაც.