ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონის ეროვნულ არქივში დაცული კონსტიტუციის ორიგინალი დოკუმენტის შუშის საცავისთვის ვარდისფერი ფხვნილის შეყრის გამო, კლიმატის ორი აქტივისტი გასამართლდა.
პოლიციამ აქტივისტები - დონალდ ზეპიდა და ჯექსონ გრინი - ოთხშაბათს, ვანდალიზმის მუხლით დააკავეს, მას შემდეგ რაც მათ საგამოფენო სივრცეში კონსტიტუციის საცავს ვარდისფერი ფხვიერი საღებავით სავსე ბუშტები ესროლეს.
მომდევნო დღეს სარესტავრაციო/გაწმენდითი სამუშაოების გამო მუზეუმი ორი დღით დაიკეტა. ვაშინგტონის უზენაეს სასამართლოში წარდგენილი სარჩელის თანახმად, ვანდალიზმის ეს ფაქტი აშშ-ის მთავრობას $15,780 დაუჯდა.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც აქტივისტები საღებავით დასვრილ კონსტიტუციის საცავთან დგანან და დოკუმენტიდან პერიფრაზი მოჰყავთ. მათი განცხადებით, პლანეტის თითოეულ ადამიანს აქვს სუფთა ჰაერსა და საცხოვრებლად ვარგისი კლიმატის ქონის უფლება. აქტივისტებმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდეს, კლიმატის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ.
აქტივისტები მუზეუმის დაცვამ მალევე დააკავა. შტატის კანონმდებლობის თანახმად, მათი სასჯელი 180 დღემდე თავისუფლების აღკვეთით განისაზღვრება, თუმცა უცნობია, დამატებით რა ჯარიმას მიიღებენ აქტივისტები მთავრობის საკუთრების დაზიანებისთვის.
ეროვნულ არქივის განცხადებაში ნათქვამია, რომ 1787 წელს დაწერილი კონსტიტუციის ორიგინალი მუზეუმში შუშითაა დაცული, რის გამოც მასზე დაზიანებები არ აღინიშნება.