ვაშინგტონმა ნატოს სამიტზე საქართველოდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვია. ამის შესახებ "ამერიკის ხმა" იტყობინება. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი "ამერიკის ხმას" უდასტურებს, რომ ვაშინგტონიდან თბილისში, ოფიციალური მოსაწვევი ილია დარჩიაშვილის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე გაიგზავნა.
არიან თუ არა, სამიტზე დასასწრებად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, ვაშინგტონში მოწვეული? - ამ კითხვაზე პასუხად, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი "ამერიკის ხმას" წერს:
"პარტნიორობა მშვიდობისთვის [პროგრამაში ჩართული] სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეულია გარკვეულ თანმხლებ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად."
"სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ნატოს ვაშინგტონის სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და საქართველოს თავდაცვის მინისტრი არ მოუწვევიათ. ეს მაშინ, როცა 9-11 ივლისს, ვაშინგტონში, ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები და პარტნიორი ქვეყნების მთავრობის ხელმძღვანელები შეიკრიბებიან", - წერს "ამერიკის ხმა".
ცნობისთვის, გუშინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო ნატო-ს სამიტზე იქნება წარმოდგენილი. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონკრეტულად ვინ წავა ნატო-ს სამიტზე, მოგვიანებით დაზუსტდება.
„იქნება კონსულტაციები, მთავარია, რომ ქვეყანა იქნება წარმოდგენილი სამიტზე, დანარჩენი დეტალები დაზუსტდება. შემდეგ მოგახსენებთ დეტალებს. ქვეყანა ნატო-ს სამიტზე იქნება წარმოდგენილი “, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.