მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობა გრძელდება.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღამით, ბეტონის საყრდენ კონსტრუქციაზე ლითონის მალის ნაშენი დამონტაჟდა.
სამუშაოების განხორციელებისას ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე.
მისი თქმით, პროექტის მშენებლობის პროცესი საავტომობილო მოძრაობის მნიშვნელოვან შეფერხებას არ გამოიწვევს.
"ღამით დამონტაჟდა მალის ნაშენის ბოლო კონსტრუქცია. ეს არის 36-მეტრიანი ლითონის ნაკეთობა, რომლის მონტაჟის შემდეგ გზის სავალი ნაწილის თავზე აღარ იქნება მნიშვნელოვანი სამუშაოები საწარმოებელი, რაც ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვის აუცილებლობას მოხსნის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ პროექტში შეტანილი ცვლილების შედეგად, ათეულობით ხის მოჭრის საჭიროება აღარ დგას. პროექტის ღირებულება ჯამში 4,7 მილიონ ლარამდეა და მისი დასრულება მარტი-აპრილის პერიოდში იგეგმება", - განაცხადა გალაქტიონ ბუაძემ.
სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს კომპანია "ენ სი სი".

























