მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვასრულებთ მუშაობას სივრცის შექმნაზე, სადაც ტურისტებს და ადგილობრივ ვიზიტორებს მივიღებთ - Ćhapidon-ის გეგმები

648c5fe50072a
თამთა ჯიჯავაძე
16.06.23 16:30
431
შიდა ქართლში მდებარე არტ-ვილა „გარიყულას“ ტერიტორიაზე არსებული ცქრიალა ღვინის Ćhapidon-ის წარმოება ფართოვდება. ბრენდის შემქმნელი ჯაბა მუჯირი BMG-სთან ინტერვიუში სამომავლო გათვლებზე საუბრობს.

„შამპანურის პირველმა წარმოებამ გაგვიჩინა იდეა, რომ გავფართოებულიყავით. ავაშენეთ ჩვენი მარანი. გავაშენეთ ვენახი. ახლა ვასრულებთ სივრცის შექმნაზე მუშაობას, სადაც მივიღებთ ტურისტებს და ადგილობრივ ვიზიტორებს. გვინდა, რომ ეს იყოს სივრცე, სადაც სტუმრები უქმეებზე ჩამოვლენ, ღვინოს დააგემოვნებენ, განიტვირთებიან“, - აცხადებს ჯაბა მუჯირი და დასძენს, რომ ცქრიალა ბიოღვინის წარმოების თვალსაზრისით, მათი გეგმაა, რომ ადგილობრივ ბაზარზე უფრო აქტიურად იყვნენ წარმოდგენილი - „შესაძლოა, ჩვენი წარმოება და გაყიდვები არ გახდეს მასობრივი, მაგრამ ცალკეულ რესტორნებსა და ღვინის მაღაზიებში გვინდა, რომ ვიყოთ“.

ამ დრომდე Ćhapidon-მა 5000 ბოთლი ღვინო და შამპანური აწარმოა. მათგან 2000 ბოთლი მხოლოდ ცქრიალა ღვინო. როგორც დამფუძნებელი ამბობს, ყველა გაიყიდა, - „დაინტერესება იმდენად მაღალია, რომ გაისად ამ რიცხვის გაორმაგებას ვაპირებთ“, - ამბობს ის.

ამჟამად ღვინის საწარმოს საკუთარი ყურძენი არ აქვს, ამიტომაც მას ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს. სამომავლოდ კი იმედს საკუთარ ვენახზე ამყარებს.

„ამჟამად 15 000 ძირი შერეული ვენახი გვაქვს გაშენებული. ძირითადად ქართლის ჯიშები, მათ შორის შავკაპიტო, ჩინური, გორული მწვანე, დანახარული... გვაქვს სურვილი, რომ სერტიფიცირებული ბიოვენახი გვქონდეს. ოთხ წელში ვფიქრობთ, რომ 40 ტონა ბიოყურძნის მოსავალი გვექნება“, - ამბობს ჯაბა მუჯირი.

რაც შეეხება ექსპორტს, კომპანიას ამერიკაში უკვე რამდენიმე ნიმუში აქვს გაგზავნილი, თუმცა, ჯერ ადგილობრივ ბაზარზე გაძლიერებას აპირებს.

„ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება ექსპორტიცაა, მაგრამ ძალიან მინდა, რომ ადგილობრივ ბაზარზე თავი დავიმკვიდროთ. კარგია, რომ ცქრიალა ღვინის დალევა ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო და წარმოებებიც გაიზარდა. ამის კულტურა ნელ-ნელა შემოდის ჩვენთან“, - აცხადებს Ćhapidon-ის დამფუძნებელი.

ამ დრომდე ცქრიალა ღვინის წარმოებაში კომპანიას 150 000 დოლარი აქვს ინვესტირებული. საწარმოს განვითარებაში საქართველოს ბანკის გრანტი და სახელმწიფო აგროსესხიც დაეხმარა.

Ćhapidon-ის ღვინოების ფასი 25-40 ლარს შორის მერყეობს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები