მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვატო ასათაშვილი: უნდა გვესმოდეს, რომ რუსულ ინვესტიციას აქვს თავისი ფასი

5d0e1f294a047
BM.GE
22.06.19 16:56
2667
"ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი BM.GE–ს მკითხველისთვის რუსეთიდან ფრენების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას აფასებს. მის მოსაზრებას უცვლელად გთავაზობთ.

"რუსი დელეგატების განაწყენების გამო ოფიციალურმა მოსკოვმა პირველი სადამსჯელო ნაბიჯები მალევე გადადგა და რუსულ ავიახაზებს აუკრძალა საქართველოში რუსი ტურისტების ჩამოყვანა, ასევე ამ აკრძალვას დაემატა სარეკომენდაციო ხასიათის ბრძანება რუსი ტუროპერატორების მიმართ, თავი შეიკავონ საქართველოში ტურების გაყიდვისაგან.

მიუხედავად იმისა, რომ ბრძანება ამოქმედდება 8 ივლისიდან, რუსული ჯავშნების პირველი გაუქმებები ქართულ ტურიზმში უკვე დაიწყო.

დავიწყოთ იმით, რომ შეზღუდვის შედეგად რუსი ტურისტების რაოდენობა და მათ მიერ დახარჯული თანხის ოდენობა შემცირდება, მაგრამ აქვე აღვნიშნოთ, რომ ეს შედეგი არ იქნება არც კატასტროფული და არც დამანგრეველი ქართული ეკონომიკისათვის.

რუსი ტურისტების აქტივობა და მათი ნაკადები რუსული საგარეო პოლიტიკური დოქტრინის განუყოფელი ნაწილია და მათი “რბილი ძალის” ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია.

2018 წელს რუსეთის პასპორტით საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა 1,4 მილიონმა ვიზიტორმა. ეს ციფრი საქართველოში შემოსულთა დაახლოებით 16%–ია.

2019 წლის 5 თვის მონაცემებით, ზრდის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 31% გვაქვს, ანუ ასეთი ტემპით წლის ბოლომდე რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 2 მილიონამდე საზღვრის კვეთა დაფიქსირდებოდა.

პირველი რუსული სანქციები რუსულ ავიაკომპანიებს შეეხო. 2018 წელს რეგულარული და ჩარტერული რეისების მეშვეობით საქართველოში მოხდა 3,8 მილიონი მგზავრის გადაყვანა, აქედან რუსული ავაკომპანიების წილი ჯამში დაახლოებით 18%, ანუ საშუალოდ 700,000 გადაყვანილი მგზავრი იყო. რა თქმა უნდა, ამ მგზავრთა 100% არ არის რუსეთის მოქალაქე და არ არის ტურისტი, მაგრამ ეს ციფრი ერთ-ერთი ინდიკატორია იმისა, თუ რა იქნება ამ კონკრეტული რუსული სანქციის უარყოფითი შედეგი ქართულ ეკონომიკაზე.

ვინაიდან რუსული ბიზნესი, ინვესტიციები და სოციო-ეკონომიკური პროექტები რუსული საგარეო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, სწორედ ამიტომ ყოველგვარი წინასწარი კვლევებისა და კომერციული ზარალების დათვლის გარეშე, 24 საათის განმავლობაში რუსულ ავიაკომპანიებს აეკრძალათ რეისების განხორციელება საქართველოს მიმართულებით.

ეს არ არის ემოციური პასუხი რუსეთის მთავრობის მხრიდან, არც ეკონომიკური სანქციაა, ეს უფრო სოციალური ტესტია ქართული საზოგადოებისა, თუ რა რეაქცია მოყვება მცირე და საშუალო ბიზნესიდან, იქნება თუ არა უკმაყოფილების ტალღა, რა არის პრო–რუსული რესურსი ქართულ ბიზნესში და რა შედეგი მიიღო რუსეთმა თავისი ქვეყნის ტურისტების აქტივობით საქართველოში.

თუ გავიხსენებთ რუსულ საქციებს თურქეთის წინააღმდეგ, სწორედ ტურიზმი იყო ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური ბერკეტი, რომელიც თურქეთის წინააღმდეგ გამოიყენა რუსეთმა საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად.

ქართული საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი ფაქტია, მაგრამ გასულ წელს ლუგარის ლაბორატორიის გარშემო აგორებული რუსული ჭორების ფონზე ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები სპეციალური უნიფორმებით აღჭურვილნი დეზინფექციას უკეთებდნენ საქართველოდან რუსეთში გადასულ ყველა ავტომობილს, თითქოსდა ლუგარიდან გამოშვებული ვირუსების პრევენციისათვის.

არც "ლუგარის საფრთხის" დროს და არც ახლა ოფიციალურ რუსეთს არ აუკრძალავს საკუთარი მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების კუთხით.

რუსეთი განუწყვეტლივ ცდილობს სხვადასხვა მეთოდებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასა და კონტროლს. სავარაუდოდ, მომდევნო ნაბიჯი იქნება ქართული საექსპორტო პროდუქციის სხვადასხვა სახეობების შეზღუდვა რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ტურიზმის მიმრთულებით დამატებითი სანქციები ნაკლებად მოსალოდნელია. სამწუხაროდ რუსეთი არ იტყვის უარს საკუთარი რბილი ძალის გამოყენებაზე, რასაც საქართველოში ტურიზმის მიმართულებით საკმაოდ ეფექტურად ასრულებს.

უნდა გვესმოდეს, რომ რუსულ ინვესტიციას, იქნება ეს ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობაში, თუ ტურიზმში, აქვს თავისი ფასი. ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულებმა უნდა გააკეთონ ისეთივე არჩევანი, როგორიც გააკეთა 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა საზოგადოებამ. ტურიზმიდან მიღებული მცირე ეკონომიკური სარგებელის სანაცვლოდ შევეგუოთ დამცირებასა და ოკუპაციას, ან სარგებელი ვნახოთ დარჩენილი 7 მილიონი სხვა ქვეყნის მოქალაქისაგან, რომელიც ყოველწლიურად სტუმრობს საქართველოს", – მიიჩნევს ვატო ასათაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოში ფრენები აკრძალა. შესაბამისი დადგენილება კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პუტინის ბრძანების მიხედვით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის განხორციელება 2019 წლის 8 ივლისიდან აეკრძალებათ.

კრემლი ასევე აძლევს რეკომენდაციას ტუროპერატორებს, შეაჩერონ აღნიშნული პერიოდიდან საქართველოში მომსახურების გაწევა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, ამ შეზღუდვის მიზანი რუსეთის ეროვნული ინტერესებისა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები