"კომპანიები კარგად ვერ ხედავენ და ვერ აანალიზებენ, ამა თუ იმ მოთხოვნას რა შესაძლო ხარჯი დასჭირდება",- ფარული მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ კომენტარი "ბიზნესკონტრაქტთან" გააკეთა.
კანონი, რომელიც სატელეკომუნიკაციო კომპანიებს ახალ ვალდებულებებს აკისრებს, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო და მის ამოქმედებას მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერა აკლია.
"პროექტის გამოქვეყნების შემდეგ კომისია ინტენსიურად მუშაობდა ინიციატივის ავტორებთან და საპარლამენტო კომიტეტთან. იყო იქ გარკვეული პუნქტები, რომლებიც თანხვედრაში მოდიოდა კომუნიკაციების კომისიის ფუნქციებთან და უფლებამოსილებებთან. კანონპროექტის ზოგიერთი მუხლი ორმაგი წაკითხვის საშუალებას იძლეოდა. ამასთან დაკავშირებით შედგა კომუნიკაცია და შევიდა კანონში შესწორებები.
იყო კომპანიების მიერ წარმოდგენილი გარკვეული შიშები, რისკები. დღესაც არის ასეთი. სამუშაო პროცესი ალბათ გაგრძელდება, რადგანაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული, რომ უნდა შეიქმნას ნორმატიული აქტი, ამ ახალი სააგენტოს მიერ, რომელიც განსაზღვრავს გარკვეულ სტანდარტებს და მოთხოვნებს, და ჩამოაყალიბდეს ერთიანი სისტემა, რომელიც შეეხება ამ კომპანიებს. ნორმატიულ აქტზე უნდა იყოს ჩართული როგორც კომისია, ასევე კომპანიები, რომ გარკვეული შიშები, რისკები და გარკვეული გადაჭარბებული მოთხოვნები, რომლებსაც შეიძლება შეიცავდეს მიდგომა, იყოს გამორიცხული. რასაკვირველია, გარკვეულ ხარჯებს ეს გამოიწვევს, მაგრამ ეს ხარჯები უნდა იყოს განჭვრეტადი და კომპანიების მიერ აღსრულებადი.
კომპანიები კარგად ვერ ხედავენ და ვერ აანალიზებენ, ამა თუ იმ მოთხოვნას რა შესაძლო ხარჯი დასჭირდება. მე ვერ გეტყვით, რომ ეს გამოიწვევს დიდ ხარჯებს, რადგანაც კანონში მხოლოდ ზოგადი პრინციპებია ჩადებული, ნორმატიული აქტები როდესაც იქნება შემუშავებული, მაშინ იქნება შესაძლებელი თქმა, ამა თუ იმ მოთხოვნის აღსრულებას რა ტექნიკური და ფინანსური რესურსი დასჭირდება“,- განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით სატელეკომუნიკაციო კომპანიების ნაწილს, "მაგთისა" და "ჯეოსელს" შენიშვნები აქვს.

























