თბილისის მერიამ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის რეაბილიტაციაზე მორიგი ტენდერი გამოაცხადა. ეს მუნიციპალიტეტის უკვე მესამე მცდელობაა გამარჯვებული გამოავლინოს. ამჯერად ტენდერის საწყისი ღირებულება, წინა ლოტებთან შედარებით, 700 ათასი ლარითაა გაზრდილი და 2,4 მილიონს შეადგენს. პირობების მიხედვით, სამუშაოები 20% წელს, 80% კი 2019 წელს უნდა შესრულდეს, ჯამში კი რეაბილიტაციის სამუშაოების დასასრულებლად გამარჯვებულ კომპანიას 5 თვე ექნება.
შეგახსენებთ, რომ პირველი ტენდერი მერიამ მიმდინარე წლის იანვარში გამოაცხადა, თუმცა არავინ დაინტერესებულა. მეორე მცდელობაზე, მონაწილეობა ერთმა კომპანიამ მიიღო, მაგრამ მისი დისკვალიფიკაცია მოხდა და ტენდერიც უშედეგოდ დასრულდა.