თბილისში, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. ამხანაგობა ,,ელიტ და კომპანიამ“, რომელიც ერთადერთი დაინტერესებული ორგანიზაცია იყო, დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის არასრულყოფილების გამო მიიღო. შეგახსენებთ, რომ ეს მერიის მხრიდან უკვე მეორე მცდელობა იყო გამარჯვებული გამოევლინა. ჯერ კიდევ იანვარის თვეში გამოცხადებულ პირველ- 1,7 მილიონიან ტენდერში განაცხადი არავის შეუტანია.
ამხანაგობა ,,ელიტ და კომპანია“ ორი კომპანიის, ქართული ,,ელიტ ბილდერ გრუპისა“ და აზერბაიჯანული კომპანია ,,პირამიდას“ თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. შეთანხმების მიხედვით, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას ახლდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები ქართულ ,,ელიტ ბილდერ გრუპს“ უნდა შეესრულებინა.
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ტენდერების მონიტორის მიხედვით, აღნიშნულ კომპანიებს ამხანაგობის სახელით მხოლოდ 1 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი აქვთ მოგებული.