მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაზი, თოვლის გუნდა, მფრინავი მღებავი - სად შეიძენთ "ჯადოსნური საწარმოს" ქართული დიზაინის საახალწლო სათამაშოებს ?

"ჯადოსნური საწარმო" - ასე ჰქვია, საქართველოში წელს დაფუძნებულ კომპანიას, რომელიც მომხმარებელს ქართული თემატიკის საახალწლო სათამაშოებს სთავაზობს. თოვლის გუნდა, ვაზი, მფრინავი მღებავი, მახარობელი, საქართველოს სახელმწიფო დროშა საკოლექციო, მაღალ საფასო სეგმენტზე გათვლილი სათამაშოებია, რომელიც ბაზარზე წელს გამოჩნდა და ის ლიმიტირებული რაოდენობით იწარმოება.

რამდენიმე წლის წინ გაჩენილი იდეა და სურვილი მეგობრებმა წელს აისრულეს. ბრენდის შექმნის დეტალები და სამომავლო გეგმებზე "ჯადოსნური საწარმოს" დირექტორმა, ქეთი რატიანმა BM.GE-ის გაუზიარა.

"იდეა, რომელსაც ეს საახალწლო სათამაშოები ატარებს დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა. გვსურდა, შეგვექმნა ქართული თემატიკის საახალწლო სათამაშოები, რომელიც მაღალი ხარისხის, ამასთან განსაკუთრებული და გამორჩეული ნივთი იქნებოდა.პროექტი მეგობრებმა ერთად წამოვიწყეთ. იდეის გაჩენის შემდეგ, ბევრი დაბრკოლება გავიარეთ, მათ შორის ფინანსური. სურვილი, რომ ეროვნული თემატიკის სათამაშოები ღირსეულად წარმოგვეჩინა ვფიქრობთ, შევისრულეთ, თუმცა წინ გაცილებით დიდი გზა გვაქვს გასავლელი", - აღნიშნავს ქეთი რატიანი.

ქართული თემატიკის ნაძვის ხის სათამაშოების დიზაინი საქართველოში იქმნება, თავად სათამაშოები კი პოლონეთში მზადდება, სამომავლო გეგმებზე საუბრისას "ჯადოსნური საწარმოს" დირექტორი აღნიშნავს, რომ მთავარი მიზანი ამ პროექტის არსებულ ბაზარზე განხორციელებაა.

"სამწუხაროდ,პირველ წელს სათამაშოების საქართველოში წარმოების დაწყება ვერ მოვახერხეთ. ამ ყველაფერს საკმაოდ მსხვილი ინვესტიციები სჭირდებოდა, ამიტომ ბაზრის დეტალური კვლევისა და ანალიზის შედეგად თანამშრომლობისთვის ევროპულ კომპანიას მივმართეთ. პროდუქცია ქართული დიზაინით პოლონეთში მზადდება, მაღალი ხარისხის ნედლეულითა და პროფესიონალი თანამშრომლების დიდი გულმოდგინებით. როგორც უკვე აღვნიშნე სათამაშოები მინისგან იქმნება და ხელით იხატება. მისი დიდი რაოდენობით წარმოება საკმაოდ რთულია და დიდ დროს მოითხოვს. სწორედ ამიტომ წელს ბაზარზე ლიმიტირებული რაოდენობით შემოვედით. სამომავლოდ, გვინდა, პროექტი სრულად საქართველოში განხორციელდეს და მაღალი ხარისხის სათამაშოების წარმოება ადგილობრივად შევძლოთ. მინის აქსესუარების საწარმოს შექმნაზე უკვე ვმუშაობთ", - დასძინა დირექტორმა.

იმის მიუხედავად, რომ "ჯადოსნური საწარმო" სულ რამდენიმე თვეა, რაც ბაზარზე გამოჩნდა, ბრენდმა უკვე დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა.

"სასიამოვნოდ გაოცებულები ვართ იმდენად დიდია გამოხმაურება. საკმაოდ პოზიტიურ წერილებს ვიღებთ და რაც ყველაზე სასიამოვნოა, რომ მომხმარებელმა ის ემოცია მიიღო, რომელზეც ყველაზე მეტს ვფიქრობდით. თოვლის გუნდა - ამ სათამაშომ ნამდვილი ახალი წელი შეიტანა ოჯახებში. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ვიოლეტა ქაროსანიძეს, ის დიდი სიხარულით შეხვდა ჩვენს პროექტს და გვერდით დაგვიდგა, მოგვცა უფლება გამოგვეყენებინა ყველასთვის საყვარელი პერსონაჟი "თოვლის გუნდა". აქვე აღვნიშნავ, რომ თითოეული სათამაშო ამავდროულად ქართული ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება. შესაბამისად, გვსურს მადლობა გადავუხადოთ ხელოვნების სასახლეს აღნიშნული პროექტის განხორციელების ხელშეწყობისთვის. მათი მხარდაჭერით პეტრე ოცხელის “მფრინავი მღებავი” სათამაშოზე დავახატვინეთ, ამასთან, ერთ-ერთი საინტერესო პროდუქტი - “მახარობელი ბროწეულით” მხატვარმა ზურა გომელაურმა შექმნა. მან თავისი საქმის სიყვარულით, ვფიქრობ, გამორჩეული ანგელოზი დაგვიხატა. არ დაგიმალავთ და საკმაოდ რთული იყო ეს საოცრება მინის სათამაშოდ გვექცია და გრაფიკულად გაგვეცოცხლებინა", - ამბობს ქეთი რატიანი.

ინფორმაციისთვის: "ჯადოსნური საწარმოს" პროდუქციის ფასი ბიუჯეტური სულაც არ არის. სათამაშოები
საკოლექციოა. მათი წარმოება კი ძალიან ბევრ, მათ შორის სამართლებრივ დეტალს უკავშირდება, საახალწლო სათამაშოების შეძენა ამ ეტაპზე ონლაინ, სოციალური ქსელების: ფეისბუკის და ინსტაგრამის გვერდზეა შესაძლებელი. ასევე “ველის” პლატფორმაზე, სადაც 5 სახის სათამაშოა განთავსებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები