,,ვაზისუბნის მამულის“ ბუტიკის ტიპის სასტუმრო კახეთში, 2019 წლის მაისში გაიხსნება.
ამის შესახებ Bm.ge-iს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ელენე ოთარაშვილმა განუცხადა.
ამ ადგილის ისტორია 1869 წელს, თავადი სულხან ჭავჭავაძის დაბადებით იწყება. თავადის უმთავრესი საქმე და გატაცება მევენახეობა-მეღვინეობა იყო; თითქმის 130 წლის შემდეგ სულხან ჭავჭავაძის მამული განახლდა და აქ კვლავ დაიწყეს ღვინის დამზადება.
სასტუმრო განთავსდება სასახლეში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ისტორიული შენობის რეკონსტრუქციას Arcitects.ge და NCC ახორციელებენ; დიზაინსა და არქიტექტურაზე კი, ბრიტანელი სპეციალისტები მუშაობენ.
,,სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. დასრულდა რესტორნის ბლოკი; მალე დაიწყება მისი ინტერიერის მოწყობა. რესტორნის დიზაინის კონცეფციაზე ტენდერი გვქონდა გამოცხადებული. გაიმარჯვა საზღვარგარეთ მოღვაწე ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა - ნესტან ვარდიაშვილმა, რომელიც ამჟამად მადრიდში ცხოვრობს და მუშაობს.
როგორც - სასტუმროს, ისე რესტორანს აქვს არაჩვეულებრივი ხედები. ყველა მხრიდან მოჩანს „ვაზისუბნის მამულის“ ვენახები და კავკასიონის მთები. გარშემო იმდენად სრულყოფილი პეიზაჟები გვაქვს, რომ ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ ეს სილამაზე“, - განაცხადა ელენე ოთარაშვილმა.
სასტუმრო "ვაზისუბნის მამული" სტუმრებს პირველ ეტაპზე 19 ნომერს შესათავაზებს, სხვადასხვა კატეგორიის ოთახებით. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 12 მილიონი ლარია. ,,ვაზისუბნის მამულში“ აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, მეორე სასტუმროს მშენებლობა იგეგმება, რომელიც 30-ნომრიანი იქნება.
კომპანია ,,ვაზისუბნის მამული“ ბიზნესმენებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 2013 წელს დააფუძნეს.

























