მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვცდილობთ, თურქი ბიზნესმენებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს ჩვენი საინვესტიციო ბაზარი - ილია დარჩიაშვილი

62e2dfa1dd09c
BM.GE
28.07.22 23:04
654
„ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული არაჩვეულებრივი ხალხთაშორისი და პოლიტიკური თანამშრომლობის პარალელურად, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დინამიკური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ნიშნულები, რომელთან სწორებასაც აქტიურად ვცდილობთ ორივე ქვეყანა და სწორედ ამ პროცესში ვცდილობთ, რომ ყოველწლიურად გვქონდეს კონკრეტული ხელშესახები დინამიკა ვაჭრობის კუთხით. ჩვენი მორიგი ნიშნული ვაჭრობის კუთხით განსაზღვრულია 3 მილიარდი დოლარის ოდენობით,“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ქ. სტამბოლში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ერთობლივი ძალისხმევით, საქართველო და თურქეთი ამ ნიშნულს ძალიან მალე მიაღწევენ, რის შედეგადაც განისაზღვრება ახალი ნიშნული, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს და გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას.

„ჩვენი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროები, ისე სხვა სახელმწიფო უწყებები, ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ წლის განმავლობაში ერთმანეთთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავაადვილოთ ვაჭრობა და ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ ძალისხმევას იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ყველა არსებული ტექნიკური ბარიერი, რომელიც ამ ეტაპზე აფერხებს ამ პროცესს,“ - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა საინვესტიციო გარემოს განვითარების მნიშვნელობაზეც.

„ინვესტიციების კუთხით ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ორი ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებს ჩვენი, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რათა მათ უფრო ადვილად შეძლონ ნავიგაცია ამ პროცესში და ერთი მხრივ თურქეთის კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს საქართველოს საინვესტიციო ბაზარი, და პირიქით, ქართველი ბიზნესმენები დაინტერესდნენ თურქეთის საინვესტიციო ბაზრით. შესაბამისად, ამ მხრივაც და სამართლებრივი დაახლოების კუთხითაც ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ,“ - განმარტა მინისტრმა.

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები