„თავის დროზე ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება დიდი შეცდომა იყო,“ - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ უნდა წარადგინოს გრძელვადიანი ხედვა იმისა, თუ რას აპირებს ენერგეტიკის სექტორში 2030 წლამდე.
„ბიზნესი ერთ მხრივ უნდა დარდობდეს მისი ფული როგორ იხარჯება და რამდენად ოპტიმალურად. მოვახდინეთ ოპტიმიზაცია, ჩვენი ფული დაიზოგა, მაგრამ სერვისი ვეღარ მივიღეთ.
სერიოზული პრობლემაა ეს და მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ საბოლოო ჯამში სამინისტრო ალბათ გასაუქმებელი იყო იმიტომ, რომ დიდი წილი ახალი კანონპროექტის, რომელიც 150 გვერდიანი დოკუმენტია ენერგეტიკის შესახებ, იქ დიდი წილი გადადის „სემეკზე“ ბაზართან მიმართებაში, მაგრამ ამ გარდამავალ ეტაპზე ჩვენ ჯერ პოლიტიკა ჩამოყალიბებული არ გვაქვს.
მთავარი არის ის, რომ მთავრობამ, სამინისტრომ ჯერჯერობით ვერ წარმოადგინა გრძელვადიანი ხედვა იმისა რას აპირებს კონკრეტულად 2030 წლამდე. თუ ეს სტრატეგიის დოკუმენტი არ იქნება, მაშინ ყველაფერი იქნება ფუჭი. ჯერჯერობით, რასაც ვისმენთ, გვაქვს კანონი "განახლებადი ენერგიის შესახებ", მაგრამ მთავარი არის ის, რომ ამ კანონში არაფერი წერია გარდა იმისა, რომ სხვადასხვა ტიპის წახალისების სქემები იქნება და ეს რა იქნება ვიღაცამ უნდა გვითხრას და ეს ხედვა არ არის სამწუხაროდ“ - განაცხადა ვეფხვაძემ.

























