არსებობს გარკვეული კითხვები, რომლებიც ისმება ჩვენი და ჩვენი სურვილია, პროცესი იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე, რომ ყველა ამ კითხვას გაეცეს პასუხი
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ პროკურატურაში არსებული საგამოძიებო პროცესი პოლიტიკური მდგენელისგან უნდა გაიმიჯნოს.
"აბსოლუტურად ვიზიარებ ბიზნესომბუდსმენის მოსაზრებას, რომ პროცესი პოლიტიკური მდგენელისგან დაცლილი უნდა იყოს და ამ შემთხვევაში, არ შეიძლება პოლიტიკის ამ საკითხთან არევა.
მეორე - საქმე ის არის, რომ არსებობს გარკვეული კითხვები, რომლებიც ისმება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და ჩვენი სურვილია, პროცესი იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე, რომ ყველა ამ კითხვას გაეცეს პასუხი და მესამე - იმის გამო, რომ პროცესში ჩანს ჩვენი ერთ-ერთი აქტიური წევრი „თიბისი“, რომელიც არის სისტემური ბანკი და რომლის ჯანსაღი განვითარება ჩვენი ეკონომიკის განვითარების აუცილებელი პირობაა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მხარეებმა ძალიან ფრთხილად უნდა გააკეთონ განცხადებები იმისათვის, რომ არ მივაყენოთ რაიმე ტიპის ზიანი ამ ბანკს, შესაბამისად, საბანკო სისტემას და ქართულ ეკონომიკას. „თიბისი ბანკი“ ჩვენი ასოციაციის წევრია და ძალიან აქტიურად ვუჭერთ მას მხარს", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ "თიბისი" ჯგუფისა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრების მუხლით ბრალი წარუდგინა.

























