კაპიტალის ბაზრის ექსპერტი მარინა გულედანი ელის, რომ ლარი დღეს კიდევ უფრო მეტად გაუფასურდება. ის ლარზე გავლენის მქონე მოვლენებს „სტიქიურს“ უწოდებს და ამბობს, რომ ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნების დანიშვნაა.
„საქმიან დილაში“ სტუმრობისას კაპიტალის ბაზრის ექსპერტის იმასაც ამბობს, რომ როდესაც სამოქალაქო პროტესტი ასეთი მასშტაბურია, არალეგიტიმური არჩევნების საკითხი ეჭვგარეშეა. გულედანი ამბობს, რომ ვითარების ძალისმიერი მეთოდებით განმუხტვის მცდელობები უშედეგო იქნება და ეს ეკონომიკაზე, ისევე როგორც ლარის კურსზე უარყოფით გავლენას მოახდენს.
„რატომ არის სტიქიური რაც ლართან მიმართებით ხდება?
გუშინ დავინახეთ რომ Bloomberg-ზე 2.81-ზე გაიხსნა ვაჭრობა და 2.88-ით დასრულდა. დღეს ველი რომ კურსი უფრო მაღლა წავა. რადგან ის რაც დღეს ხდება გარეთ, არ ექვემდებარება მართვას და ძალიან დიდ გაურკვევლობას ბადებს. ჩვენ არ ვიცით რა მოხდება, როგორ დასრულდება ეს პროცესი, არ ვიცით „ქართული ოცნება“ რას აპირებს, რადგან ერთი რამ ცხადია, ამხელა სიბრაზეს, რაც მოსახლეობაში დაგროვდა ვერაფერი ჩააცხრობს და დეესკალირებას ვერ მოახდენს, გარდა კონსტრუქციულად გამოცხადება იმისა, რომ კარგით, ჩავატაროთ ახალი არჩევნები. მეტი სხვა გამოსავალი არ არსებობს. იმიტომ რომ თუ "ქართული ოცნება" ასეთი ტერორისტული მეთოდებით ეცდება ამის ჩაქრობას, ეს სიბრაზე არსად წავა და ეკონომიკაში მუდმივად იარსებებს და მუდმივად იქნება არასტაბილურობის წყარო. პლუს, ამასთან ის რისკები, რაც ჩვენ არსებობს - იზოლაცია, ინვესტიციები და ა.შ. არსად წავა, ანუ იმის პოტენციალი, რომ ესენი განზე გაიწიოს არ არსებობს და ის ფუნდამენტური წნეხები, რომელიც ლარზე იმოქმედებს დარჩება, თუ არ გამოცხადდება, რომ არჩევნები ხელახლა ჩატარდება.
რა ხდება შიგნით? მოქალაქეებზე ვსაუბრობ, რომლებიც უმნიშვნელოვანესი წყაროა ყველაფრისთვის, მათ შორის ბიზნესისთვის. ეს პროტესტი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას არჩევნების შედეგების მიმართ აქვს, უამრავი სარჩელია დაწერული და ამ არჩევნების ლეგიტიმურობაზე მე კითხვის ნიშანი არ მრჩება. მთავარი ვინც არჩევნები უნდა აღიაროს ხალხია, რომლებიც დღეს ქუჩაში არიან გასულები“, - განმარტავს მარინა გულედანი.