„ვფიქრობ, როგორც სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანია, ფუნქციონირებას შევწყვეტთ და უკვე ჩამოყალიბებული კომპანიის სტატუსით ვიფუნქციონირებთ,“- ამის შესახებ BMGTV-ის ეთერში, კომპანია VELI.STORE-ის დირექტორმა, არჩილ ფირიაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სტარტაპს საერთაშორისო ბაზარზე ანალოგი არ ჰყავს და არსებობის მოკლე პერიოდში დიდ მიღწევებზე გავიდნენ. მათ შორის, "ველის" საოპერაციო მოგებაზე გასვლა, რომელიც ნოემბერში მოხდა. ეს მიღწევა კი კომპანიას საშუალებას მისცემს, ისეთი სფეროები განავითაროს, როგორიცაა ციფრული ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ლოგისტიკა და ა.შ.
„უცხოური პლატფორმებიდან გამოწერის პრაქტიკა დიდი ხანია ქვეყანაში უკვე განვითარებულია და საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა. ქართულმა ელექტრონულმა კომერციის ბაზარმა კი განვითარება ახლახან დაიწყო და მისი წილი საერთაშორისოსთან შედარებით ძალიან დაბალია და დაახლოებით 20%-ს შეადგენს.
VELI.STORE ქართული ბაზრის ძირითადი მოთამაშეა და მისი წილი ქართულ ელექტრონულ კომერციაში, დაახლოებით 35%-40%-ია,“-აცხადებს ფირიაშვილი.
მისივე ცნობით, მომხმარებელი წინა წლებთან შედარებით ძალიან არის გაზრდილი. სტარტაპის ძირითადი მომხმარებლები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც პირველად ქართული ელექტრონული კომერციის პლატფორმებით სარგებლობენ.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანიას საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას გეგმავს და ასევე პროდუქციის გაიაფებაც იგეგმება.