საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის დარჩენილი სამუშაოების შესყიდვაზე ₾28.6-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერი აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით, „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა თანაბარი განვითარებისთვის“ ფარგლებში ტარდება.
ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეა. წინადადებების მიღება 16 ოქტომბერს დაიწყება და 20 ოქტომბერს, 12:00 საათზე დასრულდება.
ეს ველისციხის რეაბილიტაციის პროექტისთვის ახალი კონტრაქტორის შერჩევის პროცესია. მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2026 წლის თებერვალში დაახლოებით ₾30 მილიონიანი ხელშეკრულება შპს „ინსისასა“ და შპს „ჯავას“ ერთობლივ საწარმოსთან შეწყვიტა. კონტრაქტი 2021 წლის დეკემბერში გაფორმდა და თავდაპირველი გეგმით სამუშაოები 20 თვეში უნდა დასრულებულიყო. თუმცა პროექტი დადგენილ ვადებში ვერ დასრულდა და ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის ბიუჯეტის დაახლოებით 73% იყო ათვისებული.
ფონდის მაშინდელი ხელმძღვანელის, ბექა ურუშაძის განცხადებით, ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონტრაქტორთან პროექტის გაგრძელებისთვის არსებული ყველა შესაძლებლობა ამოიწურა. მისივე თქმით, ხელშეკრულების შეწყვეტიდან ახალი ტენდერის გამოცხადებამდე პროცესი ADB-სთან კოორდინაციით მიმდინარეობდა.
ახალი შესყიდვა სახელმწიფო შესყიდვების სტანდარტული პროცედურებით არ ტარდება. სატენდერო წინადადებების წარდგენა და გახსნა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით, ADB-ის შესყიდვების წესების შესაბამისად მოხდება. ამასთან, ტენდერში არ გამოიყენება ელექტრონული ვაჭრობის სამი რაუნდი და პრეტენდენტი ავტომატურად არ გამოეთიშება პროცესს, თუ მის მიერ შეთავაზებული ფასი სისტემაში მითითებულ სავარაუდო ღირებულებაზე მაღალი იქნება.
პროექტის ფარგლებში ველისციხის ცენტრალურ ნაწილში დაახლოებით 60 სახლის, თეატრის მოედნისა და ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციაა გათვალისწინებული. ასევე დაგეგმილია თეატრის ფასადისა და პირველი სართულის რეკონსტრუქცია და მიმდებარე პარკის კეთილმოწყობა.




























