მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ველოდებით მყარ დასტურს, რომ საგარეო სექტორში საქართველოს დადებითი შედეგები სტაბილური იქნება - გრეგ ქისი

გრეგ ქისი

Fitch Ratings-ის სუვერენული რეიტინგების ჯგუფის დირექტორი, ანალიტიკოსი გრეგ ქისი ამბობს, რომ საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის „პოზიტიურისკენ“ გადახედვა საერთაშორისო პერსპექტივიდან გამორჩეული მოვლენაა.

მან საკრედიტო სააგენტოს უახლეს შეფასებაზე "ანალიტიკასთან" ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ გლობალურად დიდი მერყეობის ფონზე ბევრი პოზიტიური სარეიტინგო მოქმედება არ ყოფილა: "პირიქით, როგორც სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებიც აღნიშნავენ, რისკები იზრდება როგორც ეკონომიკური, ისე დაფინანსებისა და გეოპოლიტიკური განზომილების მხრივ",- ამბობს გრეგ ქისი.

კითხვაზე, ეკონომიკური მაჩვენებლების რა კონკრეტულ რაოდენობრივ ზღვრებს უნდა მიაღწიოს საქართველომ საინვესტიციო რეიტინგის მოსაპოვებლად, მან ასე უპასუხა: "Fitch-ს აქვს კომპლექსური მიდგომა, რომელიც აერთიანებს რაოდენობრივ და თვისებრივ ელემენტებს. ის, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ, ეს არის პოზიტიური ტენდენციები ფუნდამენტურ საკრედიტო მაჩვენებლებში. სწორედ ეს გახდა პერსპექტივის გადახედვის მთავარი მამოძრავებელი. ამ კონტექსტში გამოვყოფდი სამ კომპონენტს: საგარეო რეზერვების ძლიერ დაგროვებას, მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებულ პოზიციას და ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპს.

რას ველოდებით? ველოდებით მყარ დასტურს, რომ საგარეო სექტორში (სავაჭრო ბალანსი, რეზერვები, ტურიზმი, გზავნილები) მიღწეული ეს დადებითი შედეგები გამძლე და სტაბილური იქნება. ასევე ველოდებით საქართველოს ეკონომიკაში უწყვეტ, შედარებით მაღალ ეკონომიკურ ზრდას.

ჩვეულებრივ, პერსპექტივას გადავწყვეტთ ხოლმე 1 წლიდან 18 თვემდე დროის ჰორიზონტში. ეს არის ის პერიოდი, როდესაც ჩვეულებრივ ხდება პერსპექტივის განახლება",- ამბობს გრეგ ქისი.

30 ოქტომბერს, საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები