ბიზნესისთვის ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც ჩვენ, ბიზნესი ველოდებით, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი შექმნის იმ წინაპირობებს, რომელიც ამ ფაქტორებს უზრუნველყოფს გრძელვადიანად და სტაბილურად, - ამის შესახებ Bm.ge-სთან ინტერვიუში "ემ ქეი დეველოპმენტ გრუპის" დამფუძნებელმა, მალხაზ კუნელაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბიზნესის მოლოდინია, რომ საქართველო გრძელვადიანად და სტაბილურ რეჟიმში დაბრუნდება ევროპული განვითარების გზაზე.
„ველოდებით, რომ ის სამწუხარო რეალობა და პრობლემა, რომელზეც ჩვენ გვიწევს საუბარი და რაც ევროკავშირის ელჩმა განგვიცხადა, რომ ჩვენი ევროინტეგრაცია არის შეჩერებული, სწრაფად აღმოიფხვრება და საქართველო სხვა სამუშაო პროცესში გადავა“, - აღნიშნა მან.
მალხაზ კუნელაურმა იმაზეც ისაუბრა, რაც ბიზნესს აწუხებს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების მიღმა. როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, საკანონმდებლო თვალსაზრისით არაერთი მიმართულებაა, რომელიც ბიზნესგარემოს გააუმჯობესებდა.
„ვფიქრობ, ეს არის კომპლექსური საკითხი, მათ შორის, პირველ რიგში, ალბათ საგადასახადო სისტემის კიდევ უფრო მოქნილობა, ლიბერალიზაცია, გადასახადების შემცირება, ბიუროკრატიული ლაბირინთების და წნეხის მაქსიმალურად მინიმიზებაა საჭირო. ასევე, უნდა მოხდეს იმ რეგულაციების სწრაფად გადახედვა, რომლებმაც დროში არ იმუშავა, დარჩა მხოლოდ რეგულაცია რეგულაციისთვის და დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცა სხვადასხვა სფეროს ბიზნესისთვის. უნდა დავრჩეთ იმ რეგულაციის ფარგლებში, რომელიც რეალურად პრაქტიკაში მუშაობს და რომელსაც კონკრეტული შედეგი მოაქვს“, - განაცხადა მალხაზ კუნელაურმა.