„კოლიერს ჯორჯიაში“ ფიქრობენ, რომ თბილისში უძრავი ქონების ფასი შემცირდება. როგორც კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელმა ლეო ჩიქავამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, მიზეზი 25%-ით გაზრდილი მიწოდება და შემცირებული მოთხოვნაა. მისივე შეფასებით, ფასზე გავლენას მოახდენს ლარის კურსიც.
რაც შეეხება აჭარას, ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ბათუმში ბინების გაიაფება ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის.
„მთელ წელზე რომ ვისაუბროთ, პირველ 5 თვეში ტრანზაქციებში 1%-იანი ზრდა გვაქვს. ტენდენციას რომ შევხედოთ მაის-მარტში კლება იყო, იანვარ-თებერვალშიც ან მცირე ზრდა იყო. აპრილში იყო დიდი 27%-იანი ზრდა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ 2023 წლის აპრილში ძალიან ცოტა ტრანზაქცია იყო.
ფასებს რაც შეეხება 5-იდან 10%-მდეა ზრდა, თუმცა აქ მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ 2023 წელს 2022-თან შედარებით ორნიშნა ზრდა იყო, ანუ ზრდის ტემპია შენელებული და ველოდებით, რომ წლის ბოლოსკენ და შემდეგი წლის დასაწყისში, მცირე შემცირება იქნება. ზუსტი თქმა გამიჭირდება, თუმცა მცირე კლება იქნება, მნიშვნელოვანი - ნაკლებად.
ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ერთი, ეს არის გაზრდილია მიწოდება, უჩვეულოდ ბევრი მშენებლობაა თბილისში დაწყებული. 25%-ით მეტი ბინა შენდება ვიდრე წინა წლების განმავლობაში. 2017-2022 წწ-ში საშუალოდ მშენებარე იყო 60-იდან 68 ათას ბინამდე, 2023 წლის ბოლოს იყო 86 ათასი ბინა.
მეორე მიზეზი ის არის, რომ მიგრანტების ეფექტი მილევადია, ამოწურულია, შესაბამისად, ეს ფაქტორები ერთად, რომ მიწოდება იზრდება და მოთხოვნა მცირდება, გვიქმნის მოლოდინს, რომ ფასები შემცირებისკენ წავა. ამას ემატება დოლარის კურსი, წინა წლებში 2,5-მდეც იყო კურსი, ახლა იზრდება, შესაბამისად ეს დოლარში გამოხატულ ფასებზეც აისახება.
რაც შეეხება ბათუმს, აქაც სტაბილიზაციისკენ მიდის, ფასების ზრდას არ ველოდებით, თუმცა რამდენად შემცირდება, მაგის თქმა გვიჭირს. ბათუმში 5 თვეში ტრანზაქციების ნაწილში 17%-იანი კლება გვაქვს. აპრილი იყო საუკეთესო თვე, როცა 7%-ით გაიზარდა, თუმცა სხვა თვეებში დიდი კლება იყო“, - განაცხადა ლეო ჩიქავამ.