ვენაში ტერაქტის საფრთხის გამო, ტეილორ სვიფტის სამი კონცერტი გაუქმდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
სვიფტის ტურნეს ფარგლებში ავსტრიის დედაქალაქში კონცერტები მიმდინარე კვირას, კერძოდ, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს ერნსტ ჰაპელის სტადიონზე უნდა გამართულიყო. თუმცა გუშინ, თავდასხმების დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს.
როგორც ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა განაცხადა, კონცერტების გაუქმება "გულშემატკივართათვის იმედგაცრუება იქნება", თუმცა ვითარება "ძალიან სერიოზულია".
"მთავრობის უწყებების მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ იგეგმებოდა ტერორისტული თავდასხმა ერნსტ ჰაპელის სტადიონზე, ჩვენ აღარ დაგვრჩა არჩევანი გარდა იმისა, რომ სამი დაგეგმილი შოუ გავაუქმოთ ყველას უსაფრთხოებისთვის", - ნათქვამია კონცერტების ორგანიზატორთა განცხადებაში.
კონცერტებზე თითო დღეს 65 000 ადამიანს ელოდნენ, გარდა ამისა, ათასობით გულშემატკივარი კონცერტების ჩატარების მიმდებარე ტერიტორიაზე აპირებდა შეკრებას. კონცერტზე დასწრების მსურველებს ყველა ბილეთის თანხა ათი დღის ვადაში დაუბრუნდებათ.
რაც შეეხება დაკავებულთა შესახებ ინფორმაციას, რაც ამ დრომდე ცნობილია, ერთ-ერთი მათგან 19 წლის ავსტრიელი ბიჭია, რომელმაც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მისცა ერთგულების ფიცი. გამოძიება გრძელდება.