ვენესუელასთან კავშირის გამო აშშ-ის მიერ დაკავებულ ტანკერ Veronica-ზე ქართველი მეზღვაურები იყვნენ - ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" მეზღვაურების ოჯახის წევრებზე დაყრდნობით წერს.
ტანკერი Veronica 15 იანვარს, კარიბის ზღვაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედრო სარდლობამ ვენესუელასთან კავშირის გამო დააკავა.
გემის კაპიტნის მესამე თანაშემწის ძმა, რომელიც "რადიო თავისუფლების" ერთ-ერთი წყაროა, ამბობს რომ მას ბოლო კომუნიკაცია მეზღვაურთან 14 იანვარს ჰქონდა - ტანკერის დაკავების შემდეგ ოჯახი მასთან დაკავშირებას ვეღარ ახერხებს და არ იციან, სად და რა ვითარებაში იმყოფება.
აშშ-მა ვენესუელასთან კავშირის გამო უკვე 6 ტანკერი დააკავა. არსებული ინფორმაციით, 2026 წლის 7 იანვარს დაკავებული ტანკერის "Marinera“ ეკიპაჟის შემადგენლობაში სულ 28 მეზღვაური იმყოფება, მათ შორის 6 საქართველოს მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთი გემის კაპიტანია. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 8 იანვრის განცხადებით, მიმდინარეობს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირება და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება.

























