მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვენსის კავკასიური ვოიაჟი ორ სტრატეგიულ პარტნიორთან - სად არის საქართველო ამ ახალ რეალობაში?

ჯეი დი ვენსი

ამერიკის ვიცე პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის კავკასიური ვოიაჟის შემდეგ საქართველო, რომელიც 2024 წლის დეკემბრამდე აშშ-ის ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორი იყო სამხრეთ კავკასიაში, ახლა ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა არ აქვს. ჯეი დი ვენსის სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტისას ისტორიაში პირველად დაფიქსირდა ფაქტი, როცა კავკასიაში ყოფნის მიუხედავად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში არ ჩამოსულა.

ვენსის ჩვენს ორ მეზობელ ქვეყანაში ჩასვლის მთავარი მიზეზი ე.წ ტრამპის მარშრუტი იყო - ახალი საგზაო და სარკინიგზო დერეფანი სომხეთის ტერიტორიაზე, რომელიც აზერბაიჯანს მის ექსკლავთან ნახიჩევანთან დააკავშირებს და ამავდროულად საქართველოზე გამავალი “შუა დერეფნის” პარალელური მარშრუტი იქნება. პროექტის სრული სახელწოდებაა „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP), რაც ამერიკის ინტერესს მის მიმართ პირდაპირ ადასტურებს.

ახალ დერეფანთან დაკავშირებული თანამშრომლობის გარდა, აზერბაიჯანმა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე ხელმოწერაც მიიღო.

"ჩვენთვის დიდ პატივია ვიყოთ სტრატეგიული პარტნიორები მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სახელმწიფოსი ამერიკის შეერთებული შტატებისა. ჩვენ ასევე მადლიერები ვართ პრეზიდენტი ტრამპის, ვიცე პრეზიდენტი ვენსისა და მთლიანად გუნდის მათი წვლილისთვის კავკასიაში მშვიდობის დამყარების საქმეში. გასული წლის აგვისტოში, თეთრ სახლში, პრეზიდენტ ტრამპის მონაწილეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას. უკვე ექვსი თვეა, რაც მშვიდობის პირობებში ვცხოვრობთ. ჩვენ არა მხოლოდ გავაუქმეთ ყველა შეზღუდვა აზერბაიჯანის გავლით სომხეთისკენ ტვირთების ტრანზიტზე, არამედ თავად დავიწყეთ სომხეთისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდება, რითაც ფაქტობრივად, საფუძველი ჩაეყარა ვაჭრობასა და თანამშრომლობას. ტრამპ-ვენსის ადმინისტრაციის ძალისხმევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი ჩვენს რეგიონში არის „ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტის“ იმპლემენტაცია. ეს პროექტი არა მხოლოდ დააკავშირებს აზერბაიჯანის ორ ნაწილს ერთმანეთთან, არამედ გახდება საიმედო, უსაფრთხო და მასშტაბური სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აზიას ევროპასთან დააკავშირებს აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების გავლით. დღეს ამერიკის შეერთებული შტატებსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები სრულიად ახალ ეტაპზე გადადის", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევმა.

თავის მხრივ ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს.

„მიმაჩნია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და აზერბაიჯანს შორის არსებული პარტნიორობა რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს. ეს უზრუნველყოფს ამერიკელი დასაქმებულებისთვის ახალ ბაზრებზე წვდომას და შექმნის ბევრად უკეთეს გარემოს, სადაც ადამიანები კონფლიქტის ნაცვლად ერთმანეთთან სავაჭრო ურთიერთობებს ამჯობინებენ. ვფიქრობ, სწორედ ეს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მისიისა და საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტს. იმის გაცნობიერება, რომ საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებით ჩვენ შეგვიძლია ერთად რაღაც დიდი შევქმნათ. ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას, რაც ჩემი აზრით, ფორმალურ სახეს მისცემს ჩვენს თანამშრომლობას და მკაფიოდ დაადასტურებს, რომ ამერიკა-აზერბაიჯანის ურთიერთობა მტკიცეა", - ამბობს ჯეი დი ვენსი.

სომხეთმა ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ჯერ კიდევ წინა ადმინისტრაციის დროს გააფორმა. მაშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იყო, ხოლო სომხეთის მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი წარმოადგენდა. საქართველოს შემთხვევაში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი 2009 წლის იანვარში ვაშინგტონში მოეწერა, თუმცა 2024 წლის ნოემბერში ამერიკამ ეს შეთანხმება შეაჩერა შეაჩერა. მიზეზი დემოკრატიული უკუსვლა და ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა იყო.

აზერბაიჯანში ჩასვლამდე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი სომხეთში ფაშინიანს შეხვდა. ამერიკამ სომხეთთან გააფორმა შეთანხმება სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სექტორში თანამშრომლობაზე. ეს ნიშნავს, რომ აშშ შედის აქამდე რუსეთის მოქმედ სივრცეში, რადგან სომხეთს ერთადერთ ბირთვული ელექტროსადგურისთვის საჭირო ტექნოლოგიას რუსეთი აწვდიდა.

ჯეი დი ვენსის განცხადებით, აშშ-მა რეგიონისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და სომხეთს Nvidia-ს უახლესი, ტექნოლოგიურად ყველაზე გამართული ჩიპების Blackwell-ის შესყიდვის უფლება მისცა.

"დიდი სიამაყით ვაცხადებთ, რომ ჩვენმა ქვეყნებმა დაასრულეს მოლაპარაკებები სამოქალაქო ბირთვული თანამშრომლობის თაობაზე. მისი სრულად ამოქმედების შემდეგ, ამერიკულ და სომხურ კომპანიებს გზა გაეხსნებათ სამოქალაქო ბირთვული პროექტების ფარგლებში ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ეს გულისხმობს 5 მილიარდ დოლარამდე თავდაპირველ ამერიკულ ექსპორტს, რასაც დაემატება 4 მილიარდი დოლარის ღირებულების გრძელვადიანი მხარდაჭერა საწვავით მომარაგებისა და ტექნიკური მომსახურების კონტრაქტების სახით. ეს არის კლასიკური „ორმხრივი მოგების“ მაგალითი როგორც სომხეთისთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ეს ასევე გულისხმობს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას როგორც ჩემი ქვეყნისთვის, ისე სომხეთისთვისაც",- განაცხადა ვენსმა.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა რეგიონი ისე დატოვა საქართველოში არ ჩამოსულა, მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარე წელიწადზე მეტია ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზაობას საჯაროდ გამოხატავს, ტრამპის ადმინისტრაციისგან საპასუხო სიგნალების მოლოდინში საქართველოში შტატებს ელჩი ნახევარ წელზე მეტია არ ჰყავს. არც წინა ადმინისტრაციის დანატოვარია სახარბიელო, დემოკრატების დანატოვარი “ქართული ოცნებისთვის” და პირადად ივანიშვილისთვის მძიმეა, სავიზო სანქციები მთავრობის მაღალჩინოსნებს და სახაზინო დეპარტამენტის სანქციები ივანიშვილს.

"დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ არსებობდა ძალიან დიდი ეჭვი, რომ შეერთებული შტატები გახდებოდა იზოლაციონისტური ძალა და შეამცირებდა საკუთარ ჩართულობას, განსაკუთრებით კავკასიის რეგიონში. როგორც აღმოჩნდა, ეს გათვლა თავიდან ბოლომდე არასწორი იყო. ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო დარეგულირებაში შეერთებული შტატები უშუალოდ არის ჩართული. ამას ემატება შუა დერეფნის სამხრეთული განშტოება, რომელიც გადის ზანგეზურის დერეფანზე, TRIP-ზე, რომელიც თავიდან ბოლომდე აცდენილია საქართველოს ტერიტორიას. ამ კონტექსტში ჩვენი კონკურენტული უპირატესობა უნდა ყოფილიყო ანაკლიის პორტი, რომელიც შეჩერებულია. აზერბაიჯანმა ისედაც სუვერენული საგარეო პოლიტიკა აწარმოა, სომხეთი კი ახლა ცდილობს, რომ თავს დააღწიოს რუსულ გავლენებს და წარმატებით აკეთებს ამას. ამ ყოველივეს ემატება ამერიკელების უშუალო ჩართულობა ეკონომიკის დონეზე სომხეთში უზარმაზარი ინვესტიცია იგეგმება ხელოვნური ინტელექტის ქარხანაში, რაც სომხური ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი დახმარება იქნება. ამას ემატება ატომური ელექტროსადგურის გამოყენების შეთანხმება, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სომხეთისთვის. გამოდის, რომ საქართველო რჩება იზოლაციაში", - გვეუბნება ევროპულ-ქართული ინსტიტუტის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი.

საქართველოსთვის და მასზე გამავალი შუა დერეფნისთვის გამოწვევაა “ტრამპის მარშრუტიც”, რომელიც გახსნის შემდეგაც როგორც ქართული ბიზნესი ამბობს, ქვეყანა ტვირთების ნაწილს დაკარგავს. არადა ახალ მარშრუტზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა. დაანონსდა ახალი კომპანიის შექმნაც, რომლის 74%-საც სომხეთი აშშ-ს გადასცემს. სწორედ ეს კომპანია განავითარებს ახალ დერეფანს რეგიონში. საქართველო, რომლის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას როგორც წესი, რეგიონში სატრანზიტო ფუნქცია განსაზღვრავდა და ყველა დიდი მილსადენის თუ გაზსადენის პროექტი, მაშინდელი პრეზიდენტების აქტიური ჩართულობით სწორედ ჩვენს მარშრუტზე გადიოდა, დღეს სრულად მოწყვეტილია ამ პროცესებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები