მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვერ გავძელით და ჩამოვედით" - ნიუ-იორკში მდებარე ქართული რესტორნის დამფუძნებელი საპროტესტო აქციებზე

ქეთი გოჩაშვილი

ნიუ-იორკში მდებარე ქართული რესტორნის, Cheeseboat-ის დამფუძნებელი და მისი შვილები საქართველოში აშშ-დან საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიზნით ჩამოვიდნენ. როგორც "საქმიან დილაში" რესტორნის დამფუძნებელმა, ქეთი გოჩაშვილმა განაცხადა, მისი სურვილია, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში აქ იყოს.

“ჩემი და ჩემი შვილების ჩამოსვლა დაუგეგმავი იყო და დაკავშირებულია მიმდინარე პროტესტთან. ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, რა ხდება ქვეყანაში, განვიცდით... რუსთაველზე დგას აღშფოთებული ხალხი, ახალგაზრდები, რომელიც იბრძვიან ქვეყნის მომავლისთვის. ამას დაემატა გაბრაზებული დედების პროტესტიც. წარმოუდგენელია ის სისასტიკე, რაც ხდება, კადრებს ვუყურებდით, უბრალოდ ვეღარ გავჩერდით და ჩამოვედით, შევუერთდით ხალხს. არ მინდა პათეტიკაში გადამივიდეს, მაგრამ ვერ გავძელით. გვინდა, რომ ასეთ გადამწყვეტ მომენტში აქ ვიყოთ”, - აღნიშნა Cheeseboat-ის დამფუძნებელმა და დასძინა, რომ როდესაც ის დაბრუნდება ნიუ-იორკში, რესტორნის სხვა თანამშრომლები გეგმავენ ჩამოსვლას.

“ჩანაცვლება ხდება. აღმოჩნდა, რომ ბევრი აპირებდა წამოსვლას. მე რომ დავბრუნდები, მერე ჩაგვანაცვლებენ ისინი”, - დასძინა მან.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ემიგრანტების დიდი რაოდენობაა.

“დარწმუნებული ვარ, ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება. მე ცხინვალიდან ვარ დევნილი, წლების წინ სახლი დავკარგე, დღეს ქვეყნის დაკარგვის საშიშროებაა. ორი დღეა პროტესტზე ვდგავარ და ისეთი განცდა მაქვს, რომ არამარტო ქვეყანას, არამედ ჩემს სახლს - ცხინვალს დავიბრუნებ”, - ამბობს ქეთი გოჩაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები