"ვერ ვიტყოდი, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებული პრობლემაა", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. თენგიზ ნასარიძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დარგი განვითარდეს. კომენტარი მინისტრის მოადგილემ BMG-სთან აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამის ერთობლივ ღონისძიებაზე გააკეთა, სადაც სოფლის მეურნეობის დარგში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესახებ მოკვლევის ანგარიში წარადგინეს.
"როგორც ყველა დარგისთვის, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვისაც უპირველესი წინაპირობა ფინანსებია. ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ვერ ვიტყოდი, რომ განსაკუთრებული პრობლემაა. რა თქმა უნდა, თავის მხრივ, დროთა განმავლობაში სექტორის განვითარებასთან ერთად, ხელშემწყობი ღონისძიებები უნდა ტარდებოდეს, იხვეწებოდეს და ამას პრაქტიკაში ვნერგავთ. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ყველაზე მოცულობითი პროგრამა "შეღავათიანი აგროკრედიტი" დღეისთვის 200 მილიონი ლარის ფარგლებშია და წლიდან წლამდე მზარდი ტენდენცია ნარჩუნდება. მეწარმეებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობაც ეზრდებათ", - განაცხადა მან.
თენგიზ ნასარიძის თქმით, მთავრობა არსებული და ახალი პროგრამებით მეწარმეების განვითარებას გააგრძელებს.
"ახალი პროგრამების ფარგლებში, ვცდილობთ, შეხების ის წერტილები მოვძებნოთ, რაც მათ აინტერესებთ. მაგალითად, ახალი პროგრამა, რომელიც მესაქონლეობის განვითარების მიმართულებით წელს ავამოქმედეთ, უფრო მეტად მოქნილ და ხელშემწყობ მექანიზმს ითვალისწინებს. საუბარია არა 4, არამედ 7-წლიან დაფინანსებაზე, რომელიც მეტ სტაბილურობას მოიტანს", - აღნიშნა მან.
სოფლის მეურნეობის დარგში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კვლავ მთავარი გამოწვევაა. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის დასკვნა აჩვენებს, რომ დარგში მომუშავე მეწარმეები და კომპანიები, ახლად შექმნილი და არსებული ფერმერული მეურნეობები, აგროინვესტიციით დაინტერესებული პირები ახალი საქმიანობის წამოწყების ან შემდგომი განვითარების და ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადასვლის საჭიროების წინაშე დგანან.