მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ვერ ვიტყოდი რომ შიდა განვადება რისკის შემცველია“ – „არქი“

ხეცურიანი

კომპანია „არქის“ გენერალური დირექტორის შიო ხეცურიანის თქმით, 2025 წლის 11 თვეში კომპანიის გაყიდვები 75%-იან ზრდას აჩვენებს. როგორც ხეცურიანმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ეს პრემიუმ სეგმენტში გაზრდილმა პროექტების რაოდენობამ და უცხოელების წილის ზრდამ განაპირობა.

ხეცურიანმა შიდა განვადებების წილის მატებაზეც ისაუბრა, რომელიც „თიბისი კაპიტალის“ მონაცემებით, პირველად ბაზარზე 70%-ს აღწევს. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ სისტემა რისკების მატარებელი არ არის.

„ჩვენი მომხმარებლები ძირითადად ჩვენივე მობინადრეები არიან, რომლებსაც გაფართოება, პრემიუმ სეგმენტში გადასვლა და ინვესტიციისთვის უძრავი ქონების შეძენა სურთ. ასევე ემიგრანტები და უცხოელები. 20-22%-ია უცხოეთიდან ინვესტიციები, როგორც ბათუმში, ისე თბილისში გამოირჩევა ისრაელი, მათი წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

გაყიდვების მხრივ მიმდინარე წელი გამორჩეული იყო, პირველ 11 თვეში დაახლოებით 75%-იანი ზრდა გვაქვს. ეს წარმოაჩენს იმას, რომ ჩვენი კომპანიის მიმართ ნდობა იზრდება. ამ მასშტაბის ზრდა მარკეტინგულმა აქტივობამ, ხარისხის გაუმჯობესებამ განაპირობა, რაზედაც ყოველდღიურად ვმუშაობთ და მათ შორის პორტფელის გამრავალფეროვნებამ. 31 მიმდინარე და 30 დასრულებული პროექტი გვაქვს. ჩვენთან ფასები მოთხოვნიდან გამომდინარე ოდნავ მეტად გაიზარდა, თუმცა იგივეა რაც ქვეყანაში ზოგადი სტატისტიკა აჩვენებს.

რაც შეეხება ეროვნულ ბანკთან სექტორის შეხვედრებს, რამდენიმეჯერ გაიმართა, განიხილებოდა იპოთეკური სესხების ხელმისაწვდომობის ზრდის საკითხი, რის ხარჯზეც არსებული შიდა განვადებები შემცირდება. იცით, რომ დეველოპერები ამით ხშირად სარგებლობენ. ვერ ვიტყოდი, რომ შიდა განვადება რაიმე რისკის შემცველია, თუმცა დიდი წილისთვის ალბათ მნიშვნელოვანია, რომ ბანკი უფრო აქტიურად იყოს ჩართული. რეგულირებადი უნდა იყოს ეს სფერო. ყველას გვესმის, რომ რისკიანი ბიზნესია, მაგრამ აქაც შეიძლება გამოსავლის პოვნა რომ ეკონომიკაც, მოსახლეობაც და დეველოეპრული სექტორიც დაცული იყოს“, - განაცხადა ხეცურიანმა

ცნობისთვის, უძრავი ქონების პირველად ბაზარზე გაყიდვების 70% შიდა განვადებებზე მოდის - ამის შესახებ უძრავი ქონების კონფერენცია „გრემოზე“ „თიბისი კაპიტალმა“ ისაუბრა. მათი თქმით, ამ მხრივ როგორც თბილისის, ისე ბათუმის ბაზარზე არსებული ვითარება საყურადღებოა, რადგან დაკვირვების მიღმა დაკრედიტების დიდი ნაწილი რჩება.

პრობლემა ცნობილია ეროვნული ბანკისთვის. სებ-ში ამჟამად ბანკებთან, საბანკო და ბიზნესს ასოციაციასთან კომუნიკაციით, უძრავი ქონების სექტორის დაკრედიტების წესების შესახებ მსჯელობენ. ცვლილებებმა, ერთი მხრივ, საბანკო საკრედიტო პროდუქტების ხელმისაწვდომობა უნდა გააფართოოს, მეორე მხრივ კი ეტაპობრივად შიდა განვადებები იპოთეკური სესხებით უნდა ჩაანაცვლოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები