„ვერ ვიტყვი, რომ ამ შეზღუდვების პირობებში მთავრობა ლოიალურია“ - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც მთავრობის მხრიდან დაწესებული შეზღუდვებისთვის გაწერილი ჯარიმების ამნისტიას შეეხებოდა.
კითხვაზე - დაემორჩილებიან თუ არა მოქალაქეები ამ აქტის შემდეგ, თავიდან დაწესებულ შეზღუდვებს, მინისტრმა თქვა, რომ ამ ნაწილში მოქალაქეების და კერძო სექტორის სოციალური პასუხისმგებლობა დიდ როლს თამაშობს.
„მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროში არსებული სსიპ-ის, შრომითი ინსპექციის მხრიდან არაერთი ზედამხედველობითი და საჯარიმო ღონისძიება განხორციელდა. ამ ქმედებებში ჩართულნი არიან როგორც სურსათის უვნებლობა, ასევე საპატრულო პოლიცია. ისინი სხვადასხვა მონიტორინგს და საჯარიმო სანქციებს ერთობლივად ახორციელებენ, რაც დარწმუნებული ვარ, თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ მნიშვნელოვანია არამხოლოდ მთავრობისგან მოლოდინი, რამდენად მკაცრი და რამხელა სასჯელი იქნება ამაზე დაწესებული, არამედ თითოეული მოქალაქის და ასევე ბიზნესის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, ამას დღეს ყველაზე მაღალ როლს ვანიჭებთ“, - განაცხადა მინისტრმა.




























