"კრისტალის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე BMG-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მდგრადი განვითარების კუთხით საქართველოში საკმაოდ ბევრი წარმატებული ბიზნეს ლიდერი არსებობს, ეს მთლიან ბიზნეს სექტორს მაინც არ ეხება, რისთვისაც სპეციალური კანონმდებლობის შექმნა და სახელმწიფოს უფრო მეტი ჩართულობაა საჭირო.
"ვერ ვიტყოდი, რომ მთელი ბიზნეს სექტორი მდგრადობის ლიანდაგებზეა გადასული, ამას უკვე სჭირდება შესაბამისი კანონმდებლობის არსებობა - აქ ბევრი თემაა, როგორიცაა ჭკვიანური რეგულაცია, სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხის კიდევ უფრო სტიმულირება, მდგრადობის საკითხების წინ წამოწევა, კონკურენციის წესების დაცვა და ასე შემდეგ", - ამბობს არჩილ ბაკურაძე.
მისივე ცნობით, მიუხედავად გამოწვევების არსებობისა, საქართველოს ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით კეთების პროცესში საკმაოდ დიდი შედეგი აქვს და ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით აუთსაიდერი ნამდვილად არ არის.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ცხრა ოქტომბერს საქართველოში პირველად "გაეროს გლობალური შეთანხმების ქართული ქსელის" ორგანიზებით Uniting Business Europe-ის კონფერენცია გაიმართა, რომლის მიზანიც ქვეყანაში არსებული მდგრადი განვითარების შედეგების შეჯამება იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ "გაეროს გლობალური შეთანხმების" მიხედვით 2030 წლამდე 17 მიზანია შესასრულებელი, საიდანაც მსოფლიოს მასშტაბით, ჯერ-ჯერობით მხოლოდ 15%-ია შესრულებული.