საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია კომერციული ატაშის ინსტიტუტის საჭიროებას ხედავს, მაგრამ ეჭვი ეპარება, რომ თითო ატაშემ დიდ ქვეყნებში კონკრეტული შედეგის დადება შეძლოს.
ამის შესახებ ქობალიამ BM.ge-თან ინტერვიუში განაცხადა და დასძინა, რომ საზღვარგარეთ კომერციული ატაშეების გაგზავნის იდეა, ჯერ კიდევ მისი მინისტრობის დროს, 2011 წელს დაიბადა, მაგრამ მაშინ ეს იდეა ვერ განხორციელდა, რადგან დაითვალეს და იმდენად დიდ ხარჯებზე გადიოდნენ, რომ მაშინდელი მთავრობის პრიორიტეტებში ვერ ჩაჯდა.
ყოფილი მინისტრი კომერციული ატაშეების ინსტიტუტის ამოქმედების საჭიროებას ხედავს და იდეასაც იწონებს, მაგრამ მისი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, ჰონგ კონგის მოდელის არჩევა.
„ჰონგ-კონგი ინვესტიციების ატაშეებად ჰონგ კონგიდან კი არ გზავნის კადრებს, არამედ ირჩევს ინტერესის ბაზრებს, აცხადებს საერთაშორისო ტენდერს და ნებისმიერ საერთაშორისო კომპანიას, რომელიც ჰონგ-კონგისთვის საინტერესო ქვეყანაშია, შეუძლია მონაწილეობა; გამარჯვების შემთხვევაში, კომპანიებს უწერენ კონკრეტულ დროსა და სექტორებზე გაწერილ დავალებებს (წელს ეს პრიორიტეტული სექტორებია Business and Professional Services, Transport/ Industrial, Innovation and Technology and Fintech), KPI-ის (ეფექტიანობის საკვანძო მაჩვენებლები) და თუ ვერ შეასრულებენ კონტრაქტი წყდება. მაგალითად, საქართველოდან და ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებიდან, წელს ჰონკონგის მიერ არჩეულმა კომპანიამ უნდა მოიზიდოს 20 კომპანია ჰონკონგში და მინიმუმ 9-მ უნდა გახსნას წარმომადგენლობა ან ჩადოს ინვესტიცია ჰონკონგში. ამით ჰონკონგის მთავრობა საბიუჯეტო თანხებსაც ზოგავს, რადგან ატაშეს ხელფასის გარდა სჭირდება საცხოვრებელი, ტრანსპორტით უზრუნველყოფა და ა.შ“, - ამბობს ვერა ქობალია და იმასაც აღნიშნავს, რომ მაღალი ხელფასი ეფექტიანობის გარანტიც არის, რომ „კომერციულ ატაშეებს კორუფციულ გარიგებებში ჩართვის ინტერესი არ ჰქონდეთ“.
საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ასევე, ინდონეზიის მთავრობის უკვე ყოფილი საერთაშორისო მრჩეველი საქართველოს მომავალ კომერციულ ატაშეებს რჩევებსაც აძლევს.
„თუ გადავხედავთ მსოფლიოს, ჰონგკონგი, ტაივანი, სინგაპური - მსოფლიოში ყველაზე განვითარებულები, სერვისებზე არიან ორიენტირებული; საქართველო ნავთობით და გაზით მდიდარი ქვეყანა არაა, მაგრამ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, შეგვიძლია სერვისების განვითარებით ვიყოთ რეგიონალური ჰაბი - ვფიქრობ, სწორედ ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. რაც შეეხება ინვესტიციების მოზიდვას, რა ინტერესი შეიძლება გრძლევადიან ინვესტორს ჰქონდეს, თუ მას ჩადებული ინვესტიციის დაცულობის არ სჯერა, ამიტომ პირველ რიგში, სასამართლო სისტემის სრული რეფორმაა მნიშვნელოვანი და შემდეგ - სხვა დანარჩენი“, - აღნიშნა ვერა ქობალიამ.
აშშ, გერმანია, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები - ეს ის 6 ქვეყანაა, სადაც საქართველოს კომერციული ატაშეები ეყოლება. ატაშეების შესარჩევის კონკურსი უკვე გამოცხადებულია. შერჩეულმა კადრებმა საქმიანობა, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის შემოდგომიდნა უნდა დაიწყონ.

























