თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე მეტროს 111 ვაგონის შესყიდვის ტენდერში გამოვლენილ ჩინურ მომწოდებელ კომპანიასთან დაკავშირებით საფრთხეს ვერ ხედავს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქმე ისაა, რომ ტენდერში კომპანია "ჯი-თი ჯგუფმა" გაიმარჯვა, რომელიც მერიას ჩინეთის უმსხვილესი სარკინიგზო მწარმოებლის, CRRC-ის ვაგონებს მიაწვდის. მხარეებს შორის 150 მილიონი ევროს ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. ჟურნალისტებმა ვიცე-მერს ჰკითხეს CRRC-ის შესაძლო სანქცირებაზე და აქედან გამომდინარე რისკებზე, იმ ფონზე, რომ არსებობს პენტაგონის განკარგულება, სადაც ის სამხედრო წარმოებად არის მიჩნეული და ასევე, მის სანდოობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ევროკომისიამ.
გიორგი ტყემალაძე ამბობს, რომ ასეთი კითხვა საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანაა. მისი თქმით, თუ კომპანია დასანქცირდება, ფიზიკურად ვერ შეასრულებს ხელშეკრულების აღებულ ვალდებულებს და არასერიოზულია დღეს საუბარი, რომ რაღაცა პერიოდის შემდგომ შეიძლება ჩინური კომპანია აღმოჩნდეს სანქციების ქვეშ.
"თქვენ როგორც იცით, ეს არის საერთაშორისო ტენდერი, რასაც გააჩნია შესაბამისი პროცედურები. აბსოლუტურად ყველა პროცედურის დაცვით იქნა ჩატარებული ტენდერი. რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ხარისხობრივი კომპონენტი, არის მნიშვნელოვანი ფასის კომპონენტი და გამოცდილება. რაც შეეხება გამოცდილებას, თუ ამ კუთხით ჩვენ გავაანალიზებთ და თქვენ შეგიძლიათ ძალიან მარტივად ამოიღოთ, თუ რომელ ქვეყნებში აქვს ამ კომპანიას მიწოდებული თავისი პროდუქტი, ნახავთ, რომ ეს კომპანია სარგებლობს ძალიან მაღალი სანდოობით, ხარისხით და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებაში ვერანაირი საფრთხე ვერ იქნება.
მოდით, თუ დასანქცირდა [CRRC], მერე ვისაუბროთ. რას გვთავაზობთ, რომ ჩვენ უარი ვთქვათ ჩვენი საზოგადოებისთვის, თბილისელებისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან კომფორტზე, ის, რომ მეტროს დაემატება 111 ვაგონი?
მინდა მივულოცო ჩვენს თანამოქალაქეებს, ის, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი მეტრო იქნება კიდევ უფრო ბევრად კომფორტული და კიდევ უფრო მეტ მგზავრს გადაიყვანს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობს ტყემალაძე.
კითხვაზე რუსული "მეტროვაგონმაშის" მსგავსს შემთხვევასთან დაკავშირებით, ტყემალაძე ამბობს, რომ როგორც კი სანქციების საკითხი დადგა, ტენდერი შეწყდა.
"მაშინდელი ტენდერი რომ ავიღოთ, როდესაც კომპანიამ აბსოლუტურად ყველა კომპონენტი თავისი საერთაშორისო გამოცდილებით დააკმაყოფილა და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ის გაიმარჯვებდა. ჩვენ რომ არ გამოგვეცხადებინა მაშინ ეს კომპანია გამარჯვებულად, აი მაშინ იქნებოდა ზუსტად კითხვები. კომპანიამ, რომელმაც ხარისხობრივად, ფასის და ყველანაირი აბსოლუტურად საერთაშორისო მოთხოვნები დააკმაყოფილა, რა უფლებით შეიძლება ყოფილიყო უარი მასზე ნათქვამი. როგორც კი გაჩნდა სანქციების მომენტი, რა თქმა უნდა, ის ტენდერი შეწყდა და ჩვენ უკვე დავიწყეთ შემდგომი პროცედურები", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.




























