აშშ-ს სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, Verizon სამშაბათს მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ თანახმაა მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი ინტერნეტ-კომპანიის Yahoo! მფლობელი გახდეს. გარიგების ღირებულება 4.48 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც საწყის ფასთან შედარებით 350 მილიონი აშშ დოლარით ნაკლებია.
Reuters-ის ინფორმაციით, კომპანია იმედოვნებს, რომ გარიგება მიმდინარე წლის II კვარტალში დაიხურება.
გარიგება Verizon-ს საშუალებას მისცემს თავისი ინტერნეტ-ბიზნესი გააფართოვოს, სადაც უკვე შედის კორპორაცია AOL.
აღნიშნული გარიგება მოიცავს Yahoo!-ის აქტივებს, საძიებო სისტემას, ელექტრონულ ფოსტას, მესინჯერს, ასევე სარეკლამო ინსტრუმენტებს, რომელიც Verizon AOL-ის ქვეგანაყოფში იქნება გაერთიანებული.
აღსანიშნავია, რომ Yahoo!-ს შეძენის ინტერესს ისეთი მხარეები გამოთქვამდნენ, როგორებიც უორენ ბაფეტი და გამოცემა Daily Mail-ი არიან, თუმცა თვეების განმავლობაში, მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, ყოველთვიურად მილიარდზე მეტი მომხმარებლის მქონე Yahoo-ს მომავალი მფლობელი Verizon-ი იქნება.

























