"ვერც საზოგადოებად შევდგებით, და მით უმეტეს, ვერც სახელმწიფოდ, სანამ არ გვექნება სამართლიანობა ქვეყანაში," - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე დავით ხომერიკისთვის 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას.
როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ქვეყანაში სამართალი ერთი კაცის ახირებებზეა დამოკიდებული.
"ბევრი ვწერე და წავშალე, სიტყვები უძლურია იმ ემოციის გამოსახატად, რასაც იწვევს ჩემში ეს უსამართლობა…ვერც საზოგადოებად შევდგებით, და მითუმეტეს, ვერც სახელმწიფოდ, სანამ არ გვექნება სამართლიანობა ქვეყანაში. ერთი კაცის სურვილებზე და ახირებებზე ჩამოკიდებულ სამართალს მივყავართ ლავროვის და პუტინის საოცნებო СССР-ში მხოლოდ", - წერს პაპუნა ჯანელიძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიმდინარე აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული დავით ხომერიკი დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა. ხომერიკი ბრალს არ აღიარებს.




























