მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვესტელს“ გაყიდვები გაეზარდა - "ამას უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოდინებას არ ვუკავშირებთ“

63b7e16288c3a
თათია კაკიაშვილი
06.01.23 21:27
517
„2022 წელი გაყიდვების კუთხით, მთლიანობაში ცუდი არ იყო, 2021 წელზე უკეთესად ჩაიარა,“ - ამის შესახებ BMG-ის საოჯახო ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „ვესტელის“ გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ოთარ ოქროჯანაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, გასულ წელს კომპანიის გაყიდვების ზრდა ქართველი მომხმარებლების გააქტიურებაზე მოდის და არა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლაზე.

„ვინაიდან ჩვენ მსხვილი საოჯახო ტექნიკის ქსელს წარმოვადგენთ, პირდაპირი შეხება უცხო ქვეყნის - იგივე რუსეთის, უკრაინის და ბელარუსის მოქალაქეებთან არ გვქონია. სტატისტიკურად, ჩვენთან ტექნიკის შეძენა ისევ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ხდება. შეიძლება, ქვეყანაში უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდა, არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება, ეკონომიკურმა ზრდამაც დადებითად იმოქმედა, ან პანდემიის შემდგომ, 2-წლიანი შუალედი რომ გაკეთდა, მოთხოვნა უფრო მეტად გაიზარდა.

ვერ ვიტყვი, რომ ჩვენზე ეს დადებითი ასახვა ომმა გამოიწვია. უბრალოდ ქვეყანაში მსყიდველუნარიანობა უფრო მეტად გაიზარდა. ადამიანები ბინებს უფრო მეტად აქირავებენ, უფრო მეტ ახალ ბინას იძენენ, სადაც ბუნებრივია, საოჯახო ტექნიკა სჭირდებათ. ტექნიკას ან ცვლი, ან ახალს იმატებ. სამშენებლო კუთხით გაყიდვების სტატისტიკას რომ შევხედოთ, სადღაც 100%-იანი ზრდა ფიქსირდება. ეს, ბუნებრივია, ჩვენზეც ისახება,“ - განაცხადა ოთარ ოქროჯანაშვილმა.

ცნობისთვის, კომპანია „ვესტელი“ საქართველოში სულ 9 ქსელური მაღაზიითაა წარმოდგენილი. კომპანიაში აცხადებენ, რომ საკუთარი ქსელის გარდა, „ვესტელს“ პარტნიორიც ჰყავს - სადილერო ქსელი, რომელიც მთელ რეგიონშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, კომპანია დამატებით 17-18 ინტერნეტ მაღაზიასთანაც პარტნიორობს, რის შედეგადაც „ვესტელის“ ტექნიკა სხვადასხვა პლატფორმაზე იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები